ლუკა ჩიქოვანს გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს — დევიდ ბოუის შესახებ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, Ground Control, ლეგენდარული მომღერლის როლი სწორედ მან შეასრულა და ფეისბუქგვერდზე იმედს გამოთქვამს, რომ მაყურებელს მალე შეეძლება ფილმის ნახვა და შეფასება.
წარმოშობით ქართველ, იტალიაში მოღვაწე მსახიობსა და მომღერალს უკვე მიუღია მონაწილეობა ისეთ ცნობილ ფილმში, როგორიც House of Gucci-ია. ახლა კი ლუკას ფეისბუქგვერდიდან ვიგებთ, რომ მისი ახალი ფილმი დევიდ ბოუის შინაგან სამყაროზე და მასში ფემინური და მასკულინური საწყისების აღმოჩენასა და ჰარმონიულ შეთავსებაზე იქნება.
ლუკას თქმით, დევიდ ბოუი ყოველთვის შთააგონებდა როგორც თავისი მუსიკით, ისე — მისტიციზმით და უნარით ემოგზაურა საკუთარ სულში და გარდაექმნა საკუთარი თავი. მსახიობის თქმით, მასაც განუცდია პიროვნული ტრანსფორმაცია ბევრჯერ ცხოვრებაში, რასაც თავიდან უარყოფითად აფასებდა, თუმცა ახლა აცნობიერებს, რომ ტრანსფორმაცია საჭირო და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
ახალ ფილმთან დაკავშირებით ლუკას ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გაუზიარებია, თუმცა გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მალე ახალი ამბებით დაუბრუნდება.