გიორგი მამარდაშვილი „ტოტენჰემს“ კვლავ დაუკავშირეს

გიორგი მამარდაშვილი „ტოტენჰემს“ კვლავ დაუკავშირეს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის შესახებ ევროპული გუნდების ინტერესი ძალიან მაღალია. ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მისით „ტოტენჰემი“ ინტერესდებოდა, ამჯერად კი ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ, Football London-მა დაადასტურა.

„ტოტენჰემის“ მიმდინარე სეზონში ძირითადი მეკარე, უგო ლორისი დაუშავდა, რის გამოც კარში ფრეიზერ ფორსტერს უწევს დგომა. არავინ იცის, უკვე ვეტერანი ლორისი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებიდან წამოსვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ტრავმის შემდგომ როგორ ფორმაში დაბრუნდება. „დეზები“ წინ იყურებიან, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი სწორედ გიორგი მამარდაშვილია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ქართველი არ არის კლუბის ერთადერთი ვარიანტი. მასთან ერთად სიაში „ბრენტფორდის“ დავიდ რაია, „ბრაიტონის“ რობერტ სანჩესი და „მილანის“ მაიკ მენიოც მოიაზრებიან.

„ტოტენჰემის“ გარდა ქართველი მეკარის შესახებ ინტერესს მადრიდს „ატლეტიკოც“ გამოხატავს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, კარი 4-ჯერ შეინახა მშრალად და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გატუზოს, ამჯერად კი რუბენ ბარახას გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა.