„ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ხვიჩა კვარაცხელია ევროპულმა გრანდებმა როგორ ვერ შეამჩნიეს და მისთვის არ იბრძოლეს.
„ლუჩანო სპალეტი ქებას იმსახურებს, მაგრამ ჩემი აზრით, მას ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ოთხი ფეხბურთელია, ვინც განსხვავებას ქმნის, რომლებიც ფუნდამენტური არიან „ნაპოლის“ წარმატებაში.
ვგულისხმობ ლობოტკას, ანგისას, ოსიმენსა და კვარაცხელიას. კამერუნელის და სლოვაკის წყალობით გუნდი სწრაფად თამაშობს, ხოლო თავდამსხმელები განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი ჩემთვის გამოცანად რჩება: როგორ არის შესაძლებელი, რომ გრანდები ასეთ ფეხბურთელს არ იცნობდნენ და ყველაფერი არ გააკეთეს მის შესაძენად?“, - აღნიშნა მოჯიმ.
შეგახსენებთ, ლუჩანო მოჯი "იუვენტუსში" 1994-2006 წლებში მუშაობდა, ხოლო "ნაპოლიში" მანამდე იყო დასაქმებული, მათ შორის, დიეგო მარადონას პერიოდში.