„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა სერია A-ში ძალიან მაღალი სისწრაფეებია, რაც გამოარჩევს იმ ლიგებისგან, სადაც მანამდე უთამაშია.
ხვიჩამ ასევე ისაუბრა ნეაპოლზე, ჩემპიონთა ლიგაზე, „დინამო ბათუმზე“, კარიერის დასაწყისსა და სხვა საკითხებზე.
ჩემპიონთა ლიგაზე: "ჩემთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ის ფაქტი, რომ ასეთ გუნდში ვითამაშებდი, სერია A-ს გუნდში, ოცნებად მეჩვენებოდა. როცა ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი, ამ დონეზე ვითამაშებდი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მატჩებისთვის სხვანაირად უნდა მოვემზადო და სხვა ტიპის სამუშაოს უნდა შევეჩვიო. ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავართვი თავი და სწრაფად მოვახდინე ადაპტაცია“.
სერია A-ზე: "ეს განსხვავდება სხვა ლიგებისგან, სადაც მე ვთამაშობდი. აქ არიან ტექნიკური, სწრაფი მოთამაშეები და უპირველეს ყოვლისა, ისინი გამოირჩევიან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შესაძლოა, მთავარი განსხვავება სწორედ თამაშის სიჩქარეშია“.
კვარადონას მეტსახელზე: "თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მოსმენა, რომელიც დაკავშირებულია ასეთი კალიბრის ლეგენდასთან (მარადონა - რედ). რა თქმა უნდა, ამას არ ველოდი, მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა. ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ მახარებს, ასეთ მოთამაშეს რომ მადარებენ, ეს წარმოუდგენელია“.
ნეაპოლის შესახებ: "აქ ხალხი ფეხბურთისთვის ცხოვრობს, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა. ხშირად არ გავდივარ გარეთ, მაგრამ როცა მანქანით გავდივარ, ვხვდები, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ხარობს. მათ უყვართ ფეხბურთი, ფეხბურთელებს კერპებად აქცევენ. მარადონა, რომელიც ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედო. აქ ხალხი ფეხბურთს სუნთქავს".
მშობლებზე: "მამაჩემი ყოველთვის მხარს მიჭერდა, ყოველი თამაშის შემდეგ მაძლევდა რჩევებს. მისი სიტყვები ყოველთვის ძალიან სასარგებლო იყო, ისინი მნიშვნელოვანი იყო ჩემს განვითარებაში. დედაჩემს კი ყოველთვის ვარჯიშზე დავყავდი და ყოველთვის ბოლომდე მელოდა. ჩემმა მშობლებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემს კარიერაში“.
„დინამო ბათუმზე“: „იქ გატარებულმა ორმა თვემ ენერგია დამიბრუნა. სტადიონზე მოსულმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნები ბათუმის დინამოსა და მისი მენეჯერების, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ხალხი სტადიონზე მოსვლას მოუთმენლად ელოდა, ასეთი ატმოსფერო დიდი ხანია აკლია ქართულ ფეხბურთს. გულშემატკივრები მნიშვნელოვანია, მათ გარეშე ძნელია მოტივაციის პოვნა. საქართველოს ჩემპიონატში არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ პროგრესი და ძალიან კარგი მოთამაშეები გახდნენ“.
კარიერის დასაწყისზე: "კარიერა დავიწყე 2011 წელს, „დინამო თბილისის“ აკადემიაში ანდრეს კარასკო იყო და ძალიან დამეხმარა. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, ის ნამდვილი პროფესიონალია. გარდა ამისა, თითქმის ყველა ვარჯიშის შემდეგ ქუჩაში კიდევ 3-4 საათს ვთამაშობდი ფეხბურთს. იმ დროს რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი, რადგან ასეთ პატარა ქვეყანაში ადვილი არ არის წინსვლა. ახლა ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ და ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამი პენალტი გამოიმუშავა.