ხობში ყოფილი პოლიტპატიმარი შიმშილობს [video]

ხობში ყოფილი პოლიტპატიმარი შიმშილობს [video]

[ნანა ფაჟავა, ხობი]
ირაკლი წურწუმიამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ხობის კულტურის სახლთან 16 ივლისს დაიწყო და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ახალგაზრდული მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრი, ცოტა ხნის წინ თავად იყო პოლიტპატიმარი და სასჯელს საქართველოს სხვადასხვა ციხეებში იხდიდა.

ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს, რადგან პოლიტპატიმრის სტსტუსით მსჯავრდებულების დიდი უმრავლესობა კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. პროტესტის მიზეზი ირაკლი წურწუმიასათვის მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებებიც გამხდარა, რომელიც მან ტელეეთერით “ნანუკას შოუში” მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტს წურწუმია მხოლოდ “გიჟად” მოიხსენიებს.

ირაკლი წურწუმია: “ამ გიჟს, ამ ავადმყოფს, თურმე მეგობარი არ ჰყოლია, თურმე, არ ესმის მეგობარი რას ნიშნავს. თუ არ არის მეგობრობა საქართველოში, ვნახოთ ბატონო მიშა! ამ აქციით შევეცდები გავაგებინო მას, თუ რას ნიშნავს მეგობრობა, რადგან სწორედ ციხეებში დარჩენილი ჩემი მეგობრების მიმართ მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა პროტესტის ამ ფორმისთვის მიმემართა.

ჩემი მეგობრების გათავისუფლებას მე ქართველი ერისგან მოვითხოვ და არა ამ გიჟისგან, რადგან ამის მიღწევა მხოლოდ ქართველების ერთად დგომით შეიძლება. ეს პატიმრები დღეს გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მე თვითონ მაქვს განცდილი, თუ რა არის იმ ჯურღმულებში ჯდომა რასაც ეს გიჟი ევროსტანდარტების საპყრობილეებს ეძახის”.

ირაკლი წურწუმიას თავისუფლების სანაცვლოდ პრეზიდენტისთვის არც შეწყალება უთხოვია და არც აღიარებითი ჩვენება მიუცია გამოძიებისთვის. მისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ გაათავისუფლეს იგი სხვა პოლიტპატიმრებისგან განსხვავებით ვადაზე 9 თვით ადრე, თუმცა ფიქრობს რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა იგი, როგორც “დაუმორჩილებელი” ტუსაღი თავიდან მოიშორა, რადგან პროტესტს იგი ყველა დაწესებულებაში მუდმივად გამოთქვამდა.

ირაკლი წურწუმია 2007 წლის 7 აგვისტოს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით ხობში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში იმ დღეს იგი თავისი მეგობრის, ზვიად ხარებავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მივიდა.
- “პოლიციის უფროსი შენობას ავტომანქანით მოუახლოვდა. განყოფილებაში შესული კობა ხუბულავა მოულოდნელად უკან გამობრუნდა და იქ დგომის მიზეზი მკითხა. მე ახსნა დავაპირე, ის კი რატომღაც გაღიზიანდა და გინება დამიწყო, შემდეგ კი მუშტები მომიქნია.

შოკირებული ვიყავი ასეთი მოულოდნელობით და მოგერიებას ვცდილობდი. სანაცვლოდ, ხუბულავამ გინება და მუშტი ჩემგანაც მიიღო და ამის უარყოფას არც ახლა შევეცდები. ეს თავდაცვას უფრო ჰგავდა. აშკარა იყო, რომ ჩემი რეაქცია პოლიციის უფროსისთვისაც უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ტაბელური იარაღით ჩემი დაშინება სცადა, უფრო სწორად, მზად იყო გაესროლა. მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და იარაღი წაართვეს. შემდეგ ბორკილები დამადეს და ხუბულავას კაბინეტში გადამიყვანეს. ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას იგი კვლავ განაგრძობდა”. - იხსენებს ირაკლი წურწუმია.

წურწუმია პოლიციის უფროსის დასჯას თუ არა, მისი მხრიდან ბოდიშის მოხდას მაინც ელოდა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებოდა. მისთვის თავზარდამცემი ის ბრალდებებიც არმოჩნდა, რომელიც მას წაუყენეს.
- “ის, რაც თავად ჩაიდინეს ჩემს წინააღმდეგ, მე დამაბრალეს”, - აცხადებს ირაკლი წურწუმია.