„ნაპოლიმ“ „სასუოლო“ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ფანტასტიკური გოლებით 2:0 დაამარცხა, ქართველმა და ნიგერიელმა კი ამ გოლებით რეკორდები დაამყარეს.
კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპლიგაში (სერია A, ლა ლიგა, ლიგა 1, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა) ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა. ქართული ფეხბურთის რეკორდი აქამდე გია გურულს და ალექსანდრე იაშვილს ეკუთვნოდათ: „იაშკამ“ ბუნდესლიგაში „ფრაიბურგის“ მაისურით 2003-2004 წლების სეზონში 9 გოლი გაიტანა (30 მატჩში), ხოლო გურუმა ლიგა 1-ში „ლე ავრის“ შემადგენლობაში 1992-1993 წლების სეზონში ასევე 9 გოლი მიითვალა (30 მატჩში).
კვარას 10 გოლის გასატანად და რეკორდის დასამყარებლად 19 თამაში ეყო და სეზონის თითქმის ნახევარი კიდევ წინაა. აღსანიშნავია, რომ გოლების საერთო რაოდენობით ტოპლიგებში კვარაცხელია უკვე მე-6 ადგილზეა და მხოლოდ ლევან მჭედლიძეს (11 გოლი), გია გურულს (12), კახა კალაძეს (13), ლევან კობიაშვილსა (32) და ალექსანდრე იაშვილს (33) ჩამორჩება. უდიდესი ალბათობით, კვარა მჭედლიძეს, გურულსა და კალაძეს მიმდინარე სეზონშივე გადაასწრებს და მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 3-ქულიან ეპოქაში (1994-1995 წლების სეზონიდან), რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩში გოლი გაიტანა. ნიგერიელამდე ამის გაკეთება ისეთმა ფორვარდებმაც ვერ შეძლეს, როგორებიც გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი არიან.
ვიქტორ ოსიმენს სერია A-ში 18 გოლი და 3 საგოლე აქვს მითვლილი, ხოლო კვარაცხელიას 10 გოლი და 9 საგოლე პასი (19 მატჩში). ყველა ტურნირზე კვარას აქტივში 24 შეხვედრაში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული აქვს აქტივში.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩაატარებს.