საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ კადრი ვრცელდება, იქ ეს ადამიანი დავრდომილია და ვერ გადაადგილდება, ხოლო როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ ვრცელდება კადრები იგი პალატაში მშვენივრად დადის და შესაბამისად იკვებება. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენადაა იგი რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად, ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.