რატი იონათამიშვილი - „ხალხის ძალას“ რა ინიციატივაც ჰქონდა, მეორე დღესვე გახდა „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა, მსგავს საკითხზე სულ მცირე, დისკუსია აუცილებელია

რატი იონათამიშვილი - „ხალხის ძალას“ რა ინიციატივაც ჰქონდა, მეორე დღესვე გახდა „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა, მსგავს საკითხზე სულ მცირე, დისკუსია აუცილებელია

„ხალხის ძალას“ რა ინიციატივაც ჰქონდა, მეორე დღესვე გახდა „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა. ცხადია, მსგავს საკითხზე სულ მცირე, დისკუსია საინტერესოც არის და აუცილებელიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლოესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

საუბარია მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების იმ ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას.

რატი იონათამიშვილის თქმით, მოჭარბებული საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს რეგიონშია, საინტერესო იქნება ამ კანონპროექტის განხილვა.

„უპრიანი იქნება, არგუმენტები განხილვების დროს იყოს წარმოდგენილი. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც უმაღლესი სტანდარტით იცავს როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე თავისუფალ გარემოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, გამოცემა „ევროაქტივმა“ დაწერა, რომ ევროპარლამენტში დებატების დროს, „ევროპის სახალხო პარტიის“ კანონმდებელმა, საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, შეიმუშაონ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მსგავსი კანონპროექტი კონტროლისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად.