მე ამაზე არ ვსაუბრობ როგორც ხელოვნებაზე, როგორც სახელოვნებო პროცესზე. ეს თავიდან ბოლომდე აქტივიზმია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ამ ლიბერალურ ბაბლს ქალბატონ თეა წულუკიანის წინააღმდეგ აქვს დაწყებული, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნულ გალერეაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„რატომღაც მათ წარმოდგენაში ისეა, რომ ყველაფერი, რასაც სახელმწიფო ხელოვნებაში აფინანსებს, უნდა იყოს სრულად რეგულირების, ზედამხედველობის გარეშე, რაც მოესურვებათ, მარტო ეს იყოს და სხვა არაფერი. ეს ასე არსად არ არის და შეუძლებელია, რომ ასე იყოს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ციფრულ ხანაში ხელოვნების შეზღუდვა შეუძლებელია.
საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყდა.