„მითია, თითქოს საბჭოთა კავშირში ხარისხიანი მშენებლობა იყო, სპიტაკის მიწისძვრამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით 70-80-იან წლებში აშენებული ნაგებობი მიწისძვრისთვის მომზადებული არ არის“

„მითია, თითქოს საბჭოთა კავშირში ხარისხიანი მშენებლობა იყო, სპიტაკის მიწისძვრამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით 70-80-იან წლებში აშენებული ნაგებობი მიწისძვრისთვის მომზადებული არ არის“

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 181-ს მიაღწია. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, რამაც მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა, რადგან მძინარე ადამიანებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ სამშენებლო კომპანიის კონტრაქტორები დააკავეს, მათ შორის, ზოგიერთი საზღვარგარეთ გაპარვას ცდილობდა. მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით მთლიანობაში 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა.

როგორც ირკვევა, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა ყველაზე საშინელი არ ყოფილა. დედამიწის ისტორიაში რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის უძლიერესი 1960 წელს ჩილეში მომხდარი 9,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ყოფილა, რომელმაც მთებიც კი დაანგრია.

რამდენად კეთილსინდისიერად არის აშენებული სახლები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სეისმურად აქტიური რეგიონია, განსაკუთრებით, რამდენად მყარია სახლები თბილისსა და დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვეა? ამის შესახებ for.ge-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ესაუბრა.

საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია. ხშირად გვესმის, რომ 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისიდან არაფერი დარჩება. ამ საფრთხის გათვალისწინებით, რამდენად არის ჩვენი სახლები 8-ბალიან მიწისძვრაზ გათვლილი, რაც რაჭისა და თბილისის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ აქტუალური გახდა?

- ყველგან, მით უმეტეს, სეისმურად აქტიურ რეგიონებში, არსებობს გარკვეული სამშენებლო ნორმები და წესები, ამ ნორმას კანონის ძალა აქვს, თუ როგორ უნდა აშენდეს შენობა. არსებობს სეისმური საფრთხის რუკები, ასეთი რუკა თურქეთშიცაა, მაგალითად, იქ გარკვეული ზონებია, რომლებიც ნაკლებად სეისმურია, ამდენად, იქ სხვანაირი მოთხოვნებით შენდება სახლები, სეისმურ ზონებში კი სხვანაირად. თურქეთში ბევრი რამ შეცვალეს 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ, როცა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, სეისმური ქსელი გააუმჯობესეს, ნორმები შეცვალეს, ახალი რუკები მიიღეს, კანონმდებლობაც დახვეწეს, დააზუსტეს ეს საკითხიც, ვინ არის პასუხისმგებელი მიწისძვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. ახლა რომ აკავებენ ადამიანებს, თურქულ კანონმდებლობაში ზუსტადაა განსაზღვრული, ვისი პასუხისმგებლობაა ასეთი უბედურება. რა თქმა უნდა, სასამართლოში უნდა დამტკიცდეს, რომ ეს არის ცუდი მშენებლობის ან ცუდი პროექტის ბრალი, უნდა გაირკვეს, მშენებლობის ხარისხი იყო ცუდი, პროექტი არ ვარგოდა, თუ ორივე ერთად უხარისხო იყო.

სეისმოლოგები საქართველოში მსგავს დამანგრეველ მიწისძვრებს არ ელით. რით აიხსნება ეს ოპტიმიზმი, თურქეთის ტერიტორია ხომ ჩვენს მეზობლადაა?

- თურქეთში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო. გლობალური მასშტაბითაც, ასეთი მიწისძვრები ხშირად არ ხდება. ჩვენთან ნაკლებად მოსალოდნელია ასეთი ძლიერი მიწისძვრა. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ძალიან ძლიერ მიწისძვრად ითვლება, მაგნიტუდა 7-იც კი დიდად განსხვავდება 7,8 მაგნიტუდისგან, ანუ 0,8 მაგნიტუდა ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგნიტუდა ისეთი საზომია, სადაც ეს მცირე ცვლილებაც კი ენერგიაში დიდ ცვლილებას იწვევს. კავკასიაში რაც დაფიქსირებულა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, ეს იყო სპიტაკის და რაჭის მიწისძვრები, მათი მაგნიტუდაც 7 იყო.

მაგრამ კავკასიას ემუქრება სამხრეთში მდებარე არაბეთის ფილა, რომელიც არსად წასულა, ეს ფილა ისევ მოძრაობს, ეს ხომ საფრთხეს წარმოადგენს?

- ცხადია, არაბეთის ფილის მოძრაობა იწვევს თურქეთშიც ამ მოვლენას და ჩვენთანაც, მაგრამ თვითონ ამ მოძრაობის სიჩქარე თანდათან მცირდება, სანამ ჩვენამდე მოაღწევს. ანატოლიის რღვევაზე გადაადგილება უფრო ინტენსიურია, ვიდრე ჩვენთან, კავკასიონის მთავარი ქედის იქით, დაახლოებით 50-100 კილომეტრში საერთოდ აღარ არის სეისმურობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მაგნიტუდა 7 ძალიან ძლიერი მიწისძვრაა. მეტსაც გეტყვით, მაგნიტუდა 6 ან 5-იც რომ მოხდეს დიდ ქალაქთან ახლოს, ძალიან სახიფათოა, დიდ ზარალსა და მსხვერპლს მოიტანს. ამის სამწუხაროდ მაგალითი გვაქვს, 2002 წელს თბილისში 4,5 იყო მიწისძვრის მაგნიტუდა, ათასობით შენობა დაზიანდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მილიონნახევარი ადამიანი დედაქალაქშია თავმოყრილი და სოფლები დაცარიელებულია, ამიტომაც არსებობს საშიშროება, რომ დიდი მიწისძვრა მთლიანად საქართველოს გენოფონდს დაემუქრება, თურქეთში მთელი მოსახლეობა მხოლოდ დედაქალაქში არ ცხოვრობს და იქ განაშენიანება უფრო მეტ ფართობს მოიცავს. ამის შესახებ რა მონაცემებს ფლობთ?

- თურქეთის დედაქალაქში, თუ არ ვცდები, 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სტამბოლში კი, მგონი, 15 მილიონზე მეტი ადამიანია. აღმოსავლეთით ისეთი სიმჭიდროვე არ არის, თუმცა მილიონიანი ქალაქი მოხვდა ახლანდელი მიწისძვრის ეპიცენტრის ზონაში. სერიოზული საფრთხე ელით დიდ ქალაქებს, მოგეხსენებათ, მიწისძვრა დიდ ქალაქებშია საშიში. ის, რომ დიდი მიწისძვრები საქართველოში არ მოხდება, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მიწისძვრები ხდება, მათ შორის, ძლიერიც და ამას მომზადება სჭირდება. ბოლოდროინდელმა მიწისძვრებმა აჩვენა, რომ მაინცდამაინც კარგად არ ვართ ამისთვის მომზადებულნი.

ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს თანამედროვე უკონტროლო მშენებლობები, საბჭოთა კავშირში კი უფრო მეტად კონტროლდებოდა მშენებლობის ხარისხი. იზიარებთ ამ აზრს, რომ საბჭოთა შენობები ხარისხიანი იყო?

- ეს მითივითაა, თითქოს საბჭოთა კავშირში კონტროლირებადი და ხარისხიანი იყო მშენებლობის პროცესი. პირადად მე მგონია, რომ საბჭოთა შენობები უფრო სახიფათოა, თეორიულად არ ვიძახი ამას, სპიტაკის მიწისძვრამ აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით, 70-80-იან წლებში აშენებული ნაგებობი სახიფათოა და ძლიერი მიწისძვრისთვის მომზადებული სულაც არ არის.

საქართველოში სამშენებლო მასალებს იპარავენ, ცემენტის რაოდენობასაც ამცირებენ ფულის დაზოგვის მიზნით. რამდენად სწორია, რომ რთულ გეომეტრიულ ფიგურებს, რთულ კონსტრუქციებს ანიჭებენ უპირატესობას დღევანდელი მშენებლობის პროცესში, რომელთა ხარისხიანი მშენებლობის გამოცდილებაც არაკვალიფიციურ მუშახელს არ აქვს?

- სამშენებლო სფეროში დამნაშავეებს ეძებენ მაშინ, როცა მსხვერპლიანი მიწისძვრები ხდება. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ გვქონია, ასეთი მასშტაბის, ათასობით ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოს ისტორიაში საერთოდ არ ყოფილა, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში იყო ასეთი მოვლენები. ჩვენთან სამშენებლო ნორმები, მართალია, მოძველებულია, მაგრამ ეს ნორმები არსებობს და ამ ნორმებით უნდა იხელმძღვანელონ მშენებლებმა. ვერ გეტყვით, კონტროლდება თუ არა ეს ყველაფერი, ამისთვის არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამას უნდა ამოწმებდეს, მაგრამ რამდენად ქმედითია, ვერ გეტყვით. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სამშენებლო სფეროში გარკვეული პრობლემები მართლაც არის, ზოგიერთ კორპუსს მიწისძვრის გარეშეც ექმნება პრობლემები, საძირკველს გეოლოგიური კვლევა სჭირდება, განსაკუთრებით, როცა ფერდობებზე და მეწყერულ ზონაში აშენებენ, ეს კი ყოველთვის არ არის დაცული. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყველა ახალი შენობა ცუდად შენდება, არის კომპანიები, რომლებიც კარგად აშენებენ, კარგი პროექტით, მაგრამ არის განსხვავებული შემთხვევებიც.

ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა შუშის შენობები, ასეთია „კინგ დავითი“, რამდენად გამართლებულია მსგავსი ნაგებობების აშენება სეისმურად აქტიურ ზონებში? ასევე, მჭიდროდ დასახლებული შენობების, მაღლივი კორპუსების აშენება ჩვენს დედაქალაქში?

-თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს შესაძლებელია, თბილისზე უფრო სეისმურ ქალაქებშიც შენდება ასეთი ტიპის შენობები, ამერიკაშიც, იაპონიაშიც მაღალი შენობებია, მანდ მთავარია, საძირკველი ღრმად არის თუ არა, მყარ ქანებზეა თუ არა აშენებული.

ერდოღანმა აღიარა, რომ მიწისძვრის შემდგომ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლეს. თურქები ამას ამართლებენ იმითაც, რომ იმ კონკრეტულ რეგიონში ასეთი მძლავრი მიწისძვრა 200 წელია, არ მომხდარა. მსხვერპლის მასშტაბი იმან განაპირობა, რომ ახლანდელი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა და ხალხს ეძინა?

- 1939 წელს იყო ასეთი მიწისძვრა თურქეთში, ოღონდ თურქეთის სხვა ტერიტორიაზე, რასაც 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წელს ოდნავ ნაკლები 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო და იქაც 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. ანუ თურქეთში ასეთი მიწისძვრები ხდება ხოლმე. რაც შეეხება რეაგირებას, 1999 წელთან შედარებით რეაგირება გამოასწორეს, მაგრამ თურქეთი ასიმეტრიულად განვითარებული ქვეყანაა, ძირითადი ყურადღება ყველაზე დიდი ქალაქებისკენ, სტამბოლისა და ანკარისკენ აქვთ, სადაც რისკი მეტია, აღმოსავლეთის ტერიტორია კი ნაკლებად განვითარებულია თურქეთში. არადა, სამაშველო ძალები რეგიონებშიც უნდა იყოს, რადგან, საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთი დიდი ქვეყანაა და მაშველები სწრაფად ვერ მივლენ რეგიონებში. მაშველებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რომ მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, მსხვერპლის რაოდენობა ძალიან არის დამოკიდებული დროზე, მაგრამ მაინცდამაინც დღის საათებში რომ მომხდარიყო მიწისძვრა, მსხვერპლი ნაკლები არ იქნებოდა, რადგან ზამთარია, ხალხი შენობებში იქნებოდა. სპიტაკის მიწისძვრაც ზამთარში მოხდა, დეკემბერში, ციოდა, სკოლებში იყვნენ ბავშვები, ხალხი სამსახურებში იყო, ამიტომ ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ თურქეთში მსხვერპლის მასშტაბი გამთენიისას პერიოდში მომხდარმა მიწისძვრამ განაპირობა.

მიწისძვრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, განესაზღვრათ, რა პერიოდში მოხდებოდა ეს მოვლენა?

- ამას ვერ გააკეთებდა ვერავინ, ვერც თურქები. არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საერთოდ შეუძლებელია მიწისძვრის დროში დადგენა. რაც შეეხება საფრთხის შეფასებას, ჩვენ ამას გრძელვადიან პროგნოზსაც ვეძახით. არსებობს თურქეთის სეისმური საფრთხის რუკა, სადაც ეს ადგილი მონიშნულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ანუ მოელოდნენ მიწისძვრას. იქ ორი ძირითადი ზოლია გამოყოფილი, როგორც სეისმურად ყველაზე საშიში-ჩრდილო ანატოლიის რღვევის გასწვრივ და აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის გასწვრივ, ეს მიწისძვრაც აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევაზე მოხდა.

საქართველოში რომელია ასეთი სახიფათო ზონა?

- საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური კავკასიონია, განსაკუთრებით, მისი ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი, მაგრამ ეს ორივე ტერიტორია ან საერთოდ არ არის დასახლებული, ან ძალიან მეჩხერადაა დასახლებული. სადაც შეიძლება დიდი მსხვერპლი იყოს, ამას უკვე რისკი ჰქვია, ასეთი სეისმური რისკი საქართველოში უკვე თბილისთანაა ყველაზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ სეისმურად აქტიური კავკასიონია, მოსახლეობისა და შენობების სიმრავლის გამო სწორედ თბილისია სარისკო, შემდეგ უკვე სხვა დიდი ქალაქები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად სეისმურ ზონებში არიან, ვიდრე ჯავახეთის ზეგანი.

მიწისძვრის დროს რეკომენდაციებზე ყველა თავისებურად საუბრობს, მაგრამ მთავარია, რომ ასეთ დროს ლიფტი და კიბეები არ გამოვიყენოთ. თქვენ რას იტყვით?

- მიწისძვრამდე თავდაცვა ადრე უნდა დავიწყოთ შესაძლებლობის ფარგლებში. სადაც ვცხოვრობთ, ის ნაგებობა უნდა იყოს მყარი და მტკიცე, მისი სეისმომედეგობით უნდა დავინტერესდეთ, შევაწუხოთ ყველა, თუ ასე არ არის, მათ შორის, მერია, ადგილობრივი გამგეობები, მიჩვევა იცის ავარიულ სახლებში ცხოვრებამ, რომლებიც მიწისძვრის გარეშეც სახიფათოა, ძლიერი ქარის და წვიმის დროსაც შეიძლება დაზიანდეს და დაინგრეს. შეიძლება, წლობით არაფერი მოხდეს, მაგრამ როდესღაც მოხდება მიწისძვრა. შენობა უნდა იყოს იმ სეისმურობაზე გათვლილი, რომელიც იმ კონკრეტული უბნისთვისაა დამახასიათებელი. უშუალოდ მიწისძვრა რომ ხდება, შენობიდან გასვლა არც არის რეკომენდებული, უნდა დავდგეთ შენობაში, შეძლებისდაგვარად მოვშორდეთ ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება ფანჯრის ნამსხვრევები იყოს, სადაც საშიშროებაა, რომ თარო ჩამოვარდეს. კარგი იქნება, თუ ჩავიმუხლავთ, თავზე დავიფარებთ ხელებს, თუ სხვა დაცვის საშუალება არ გვაქვს, რადგან ძლიერი მიწისძვრა მაინც წაგვაქცევს, ამიტომ აჯობებს, ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ არ წავიქცეთ. მყარი მაგიდის ქვეშ შეძრომას ნუ ვითაკილებთ.

კარის დირე რამდენად მყარია?

- ბოლო წელია, ამაზე იწერება კიდეც, არანაირი საჭიროება არ არის, კარის დირეში დავდგეთ, მით უმეტეს, ახალ სახლებში არანაირ მტკიცე ადგილს ეს არ წარმოადგენს, პირიქით, ბოლო წლების მიწისძვრისას დაფიქსირდა, რომ შეიძლება კარები დაიხუროს, ან გაიღოს და, თუ მძიმე კარია, დამატებითი ზიანი მოგვაყენოს. უმჯობესია, თავისუფალ კედელთან დავდგეთ, დავიცადოთ, სანამ რხევა შეწყდება და შემდეგ ფრთხილად და სწრაფად დავტოვოთ შენობა, რადგან შენობა შეიძლება დაზიანებული იყოს, უნდა გავიდეთ ისე მოშორებით, რომ ნანგრევები არ დაგვეცეს. ძლიერ მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები მოჰყვება, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ძლიერიც იყოს, თუმცა უფრო სუსტმა ბიძგებმაც კი მიწისძვრით დაზიანებული შენობა შეიძლება დაანგრიოს. სხვათა შორის, თურქეთის კადრებში ჩანს, რომ შენობა დგას, მაგრამ განმეორებითი ბიძგის დროს ინგრევა, ხალხიც იღუპება ამ შენობებში, რადგან ზოგიერთი მათგანი დაბრუნდა შენობებში.

თბილისში ყველაზე საშიში სეისმური ზონა რომელია?

- თბილისი ერთნაირი ზონაა, აქ დიდი განსხვავება არ არის, აქ მთავარია, რამდენად მყარ გრუნტზეა სახლი აშენებული. რაც უფრო მყარი გრუნტია, ნაკლებად იგრძნობა მიწისძვრა, კლდოვან გრუნტზე ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ფხვიერზე, თიხოვანზე. საერთოდ, დიდი ქალაქები კლდეებზე არ შენდება, უფრო მდინარის ხეობაში, ან ზღვის პირას შენდება, სადაც გრუნტები მაინცდამაინც კარგი არ არის.

 

 

 

trampi ეიიიიი სეისმოლოგო ---------------- ქარცივაძე გაგიგიაა?/
ხოოდა მშენებლობისთვის ბალიანობა არ შეეშლებოდა ...
და კიდევ ............... 90 % ხრუჩივკებს, ბომბი რომ ესროლოთ მაინც ვერ დააანგრევთ
1 წლის უკან
trampi ერთი--ორი არამშენებელი ძმაკაცი მყავს .. და მშენებელები გახდნენ
იმათი ამოცანაა იაფად ააშენონ და ბევრი მოიგონ ...აბა იმათი აშენებული რა იქნება?? ...
და კიდევ .................. კომუნისტების დონეს ესენი მაინც ვერ მაიღწევენ, იმიტომ რომ არასპეციალისტები არიან--დღეს ყველა მშენებელი გახდა...
მაგ ,,კინგ დავითს,, ფუნდამენტში შიგნით მუცელი გამოაგლიჯეს და შიგ სტაიანკა გაააკეთეს.....ხოოოდა მაგის სიმტკიცე რაღა იქნება?..
ადგილი ქანი, გრუნტი, კაია მაგარი,. მაგრამ ფუნდამენტის გამოთხრა რომელ ნორმებშია?.. .
1 წლის უკან