20 ივლისს გელათის საკათედრო ტაძარში პარლამენტარმა ელისო ჩაფიძემ და ბიზნესმენმა დავით მიქაბერიძემ ჯვარი დაიწერეს. ამ ცერემონიას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტაძარში ცერემონიის დაწყებამდე თითქმის ნახევარი საათით ადრე, ულამაზესი თაიგულით ხელში მივიდა. სწორედ მან, როცა წინასაარჩევნოდ, ცნობილი ჟურნალისტი ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, ხაზგასმით თქვა: "ელისო ქალია, თითქოს სუსტი, მაგრამ ამ დროს, ძალიან მებრძოლი სულის ადამიანი... ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სასახელო და ღირსეული წევრია... სხვათა შორის, გასათხოვარია, კარგად დააკვირდით, ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი პატარძალი იქნება", - თქვა მაშინ კოალიციის ლიდერმა.
ჰოდა, ცოტა ხანში ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი - დავით მიქაბერიძე გამოჩნდა, რომელთანაც თავს ძალზე ბედნიერად გრძნობს და ცხოვრების მეგზურად აირჩია.
ჯვრისწერას პოლიტიკოსები - დავით უსუფაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ანი მიროტაძე, მარიკა ვერულაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები ესწრებოდნენ. ცერემონიალზე იმერეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე კალისტრატე მივიდა, წყვილი დალოცა და საჩუქრად ხატი უსახსოვრა.
ჯვრისწერის შემდეგ ქუთაისში, რესტორან "ბაგრატში" გადაინაცვლეს, სადაც დიდი საქორწილო სუფრა იყო გაშლილი. სიძე-პატარძალი დარბაზში მენდელსონის მარშის თანხლებით შევიდა. იქ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი ელოდა და ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართა. ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ გვარს იცვლიდა და მიქაბერიძე ხდებოდა.
"ელისო როგორი შეყვარებულია, გვარის შეცვლითაც გამოჩნდა. ჩვენთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ მივხვდით, რომ დიდი სიყვარულის გამო ჩემმა დამ ეს ნაბიჯი გადადგა, თუმცა ცოტათი გული დამწყდა, რადგან საზოგადოება მას, როგორც ელისო ჩაფიძეს, ისე იცნობს. სხვათა შორის, სუფრაზე ეს ფაქტი კობა დავითაშვილმა გააპროტესტა და თქვა, - მოდი, ამისთვის მოვიწვიოთ ახლავე სპეციალური სხდომა და სასწრაფოდ გადავწყვიტოთ, ეს საკითხი როგორ იქნებაო", - თქვა ღიმილით ელისოს დამ, ირმა ჩაფიძემ. მან ისიც გაგვიმხილა, გელათის ტაძარში ჯვრისწერაც სიმბოლურიაო: "ჩემი და ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. ის სიყვარულით გაბრწყინებული იყო. დათო წარმოშობით ქუთაისელია, მაგრამ წლებია, მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ელისომ დაქორწინებამდე დათო გაგვაცნო. დედაჩემი თბილისში, ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული და ჩემს ბინაში დავითი მეგობართან ერთად მოვიდა. ჩემი მეუღლე, ზაზა ხატიაშვილი იმ დროს სტრასბურგში იყო წასული და ამიტომ ქალებმა ვუმასპინძლეთ. ისე, ზაზას იცნობდა, სამსახურებრივადაც შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან და ზაზამ არჩევანიც მოუწონა ელისოს. ჩვეულებრივი ოჯახური ვახშამი იყო, მალე დაგვტოვა. ძალიან მოგვეწონა. ძალიან კარგი, ტრადიციების მიმდევარი ქართველი ვაჟკაცია. დათომაც გააცნო თავის სანათესავოს ელისო და ყველამ მოუწონა არჩევანი. ელისოც ძალიან მოიხიბლა მისი ოჯახით, სანათესავოთი და თქვა, ძალიან ბედნიერი ვარო. რაც შეეხება გელათში ჯვრისწერას, ეს სიმბოლურია, რადგან ელისოს სამაჟორიტარო ოლქში შედის ეს ტაძარი და სწორედ იქიდან დაიწყო მისი წინასაარჩევნო კამპანიაც. დათოს მფარველიც დავით აღმაშენებელია, მის სახელს ატარებს და ასე გადაწყვიტეს. ულამაზესი დღე იყო".
ქორწილში ნეფე-დედოფლისთვის მაგიდა ცალკე არ იდგა, ისინი სუფრას სტუმრებთან ერთად მიუსხდნენ. პრემიერ-მინისტრმა წყვილს კიდევ ერთხელ მიულოცა გაბედნიერება და ქორწილის თამადად ბიზნესმენი ჯონი გიგანი დაასახელა. ჩვენი ინფორმაციით, დავით მიქაბერიძე ჯონი გიგანთან ერთად მისდევდა ბიზნესსაქმიანობას და "მორკინალის" დირექტორი იყო. გიგანი
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიძეა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სუფრასთან. კონცერტი მის ვაჟს, მომღერალ მამუკა ჩარკვიანს მიჰყავდა რესტორან "ბაგრატის" ბენდთან ერთად. რამდენიმე სიმღერა თაკო ჩარკვიანთან ერთადაც შეასრულა. ნათესავის ქორწილს ესწრებოდა პიანისტი ირმა გიგანიც და ძალიან მხიარული და კარგი განწყობილება სუფევდა.
დავით უსუფაშვილმა სადღეგრძელოს წარმოთქმისას ისურვა: ბიძინა ივანიშვილმა როგორც ეს დაპირება შეასრულა და ელისო ჩაფიძე გათხოვდა, ასე შეესრულებინოს ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირებაო. ელისოს დამ, ირმა ჩაფიძემ ერთი ამბავიც გაგვიმხილა: "ბიძინა ივანიშვილს გაუგია, ელისო დათოს რომ ხვდებოდა და ელისოსთვის უთქვამს, - ხმები მომდის, შეყვარებული რომ ხარ, რაღაცას აპირებ, მაგრამ მითხარი, რა გიშლის ხელს; თუ არის ასეთი კარგი ადამიანი, ეს ნაბიჯი დროზე გადადგი, ნუ აყოვნებ, გაჰყევიო".
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ელისო ჩაფიძეს, რომელიც ძალიან ბედნიერია.
- ელისო, პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას. გვიამბე, როგორ გაიცანი შენი მეუღლე.
- მე და დათო მიქაბერიძემ ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. დათოს დას დიდი ხანია ვიცნობ, ქუთაისში ცხოვრობს. ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ვნახე პირველად და ძალიან მგულშემატკივრობდა.
- მულმა ხომ არ შეგარჩიათ სარძლოდ?
- არა, დათოს ვერავინ ვერაფერს დააძალებს. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დათოს ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილია ჩვენი ქორწინებით. რაც მათი კარის ზღურბლს გადავაბიჯე, მას მერე მოფერების, თვალებში ყურების, სითბოსა და სიყვარულის გარდა არაფერი ისმის. ძალიან ბედნიერი ვარ. დათოს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და ძალიან კარგი ადამიანია.
- თქვენი პირველი პაემანი სად შედგა?
- ვიცოდი, რომ დათოს მოვწონდი. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე მეპატიჟებოდა. მამუკა დათოს ბიძაშვილია და ბუნებრივია, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, საგანგებოდ გამოვიპრანჭები-მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან იმ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დამირეკა და მითხრა, რომ მის შვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ბავშვი მომიყვანა და როდესაც 6-ის ნახევარზე დათომ დამირეკა და მკითხა, სად გამოგიაროო? - ვუპასუხე, რომ ქუთაისში, საავადმყოფოში, ცხაკაიას ცენტრში ვიმყოფებოდი, ბავშვს ენცეფალოგრამას ვუღებდი. იქ მომაკითხა და საავადმყოფოდან "გამოუპრანჭავი" მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე აღმოვჩნდი. იქ გავიცანი დათოს მთელი სანათესავო და ძალიან კმაყოფილი წამოვედი კონცერტიდან. მამუკა ჩარკვიანი ჩვენი სიყვარულის თანაზიარი გახდა. ქორწილშიც თავისი ულამაზესი სიმღერები გვაჩუქა და ძალიან გვასიამოვნა... კონცერტის შემდეგ დათომ დამპატიჟა, ვისაუბრეთ. მერე თბილისში გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ამ ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთი კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯვარი დაგვეწერა.
- სიყვარულში მალე გამოგიტყდათ?
- პარიზში მივფრინავდი. წინადღეს ერთმანეთს შევხვდით და ცოტა ვიკამათეთ. გამგზავრებამდე შემხვდა და მითხრა, რომ შეყვარებული იყო და ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა.
- თუ საიდუმლო არ არის, კამათის მიზეზი რა იყო?
- ძალიან ბანალური - უბრალოდ, გაუგებრობა. მეგონა, სხვა ადგილას მოვიდოდა და ის სხვა ადგილას მივიდა (იცინის)... სანამ გავთხოვდებოდი, ერთი თვით ადრე დათო ჩემს მოძღვარს, მამა არჩილ მინდიაშვილსაც გავაცანი.
- მოძღვარმა მოგიწონათ არჩევანი?
- მამაოს დათო ძალიან მოეწონა და მითხრა, - ელისო, დღეიდან გადაწყვეტილებებს შენ არ იღებ, იცოდე, გადაწყვეტილებებს დავითი იღებსო. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ყველა მისი სურვილი შევასრულო. ეს სამშაბათს მოხდა; გადავწყვიტეთ, შაბათს ჯვარი დაგვეწერა და ყველაფერი ელვის უსწრაფესად გავაკეთეთ.
- რა სიურპრიზებს გიწყობდათ შეყვარებული დავით მიქაბერიძე? რა იყო მისი პირველი საჩუქარი?
- პირველად, როცა კონცერტის შემდეგ შემხვდა, ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა, რომელიც ტაძრიდან ჰქონდა წამოღებული. დათო არაჩვეულებრივი ადამიანია, ყოველდღე შეუძლია სიურპრიზების მოწყობა. ვერც აღრიცხავ და დანომრავ, ისეთ ლამაზ დღეებს მჩუქნის. როცა ეს ადამიანი გვერდით მყავს, ჩემი თავი პრინცესა მგონია, ყველა ზღაპრის გმირს ვადარებ თავს. ამ ადამიანს ეხერხება, რომ ძალიან ბედნიერი გაგხადოს.
- ელისო, როცა სიყვარულში გამოგიტყდათ, მაშინვე უპასუხეთ?
- ერთხელ შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდით. ტაქსით გამომაცილა, რადგან ცოტა ნასვამი იყო. მითხრა, - იქნებ რამე მოვიფიქროთო? - რას გულისხმობ-მეთქი? - სადმე წავიდეთ მე და შენ ერთად და საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა დავაჩქაროთო. შევხედე და ვუთხარი, - ამაზე ფიქრი შეიძლება-მეთქი. პირდაპირი პასუხი არ გამიცია. მერე უკვე ჩამოვედი ქუთაისში, რადგან პარლამენტის სხდომა დაინიშნა. მახსოვს, ოთხშაბათი იყო. ვზივარ პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ სადღაც დავფრინავ, არაფერი მესმის... მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და მივხვდი, რომ დათოს გარეშე ძალიან გამიჭირდა. ხუთშაბათამდე მოვითმინე, მერე დავურეკე და ვუთხარი, ახლა ქუთაისში ჩამოდი-მეთქი. პარასკევს დათო ქუთაისში ჩამოვიდა. ამ დროს მაუწყებლობის კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო დავძლიეთ. აქაც კურიოზული სიტუაცია იყო: თინა ხიდაშელი მეჯდა გვერდით და მას შევჩივლე, - ვაიმე, თინა, ნეტავ დროზე დამთავრდეს ეს სხდომა, დათოს ველოდები-მეთქი. თინა მომიბრუნდა და მითხრა, - დათო ბათუმშიაო. - შენს დათოს - არა, ჩემს დათოს ველოდები-მეთქი... იმ დღეს ისევ შევხვდით ერთმანეთს. დღეს ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ.
- ოჯახის წევრებს უთხარით, შეყვარებული რომ იყავით?
- ჯერ ჩემს ოჯახის წევრებს ვუთხარი, მერე - მოძღვარს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
- ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გასათხოვარ ელისოს კარგი რეკლამა გაგიკეთა. ახლა რა რეაქცია ჰქონდა?
- კარგი, დადებითი რეაქცია. ძალიან გაუხარდა.
- საქორწილო სამზადისზე ვინ იზრუნა?
- ქორწილისთვის ყველაფერი ერთად გავაკეთეთ - კაბიდან დაწყებული, სუფრით დამთავრებული. ძალიან კარგად გამოგვივიდა ყველაფერი და მიხარია. ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ლამაზი ქორწილი გვქონდა და ბედნიერი ვარ, ასეთი ადამიანი გვერდით რომ მყავს.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდ ბედნიერებას, გამრავლებასა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!