CNN: საიდუმლო დოკუმენტები მაიკ პენსის სახლშიც იპოვეს

CNN: საიდუმლო დოკუმენტები მაიკ პენსის სახლშიც იპოვეს

საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სახლშიც იპოვეს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

საუბარია ინდიანას შტატის ქალაქ კარმელში მდებარე სახლზე, სადაც პენსის ადვოკატმა გასულ კვირაში ათამდე საიდუმლო დოკუმენტი იპოვა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) გადასცა.

არსებული ინფორმაციით, პენსმა საკუთარ ადვოკატს სახლში ჩხრეკის ჩატარება თავის დაზღვევის მიზნით სთხოვა. ამის შემდეგ ადვოკატმა შეისწავლა დოკუმენტებით სავსე ოთხი ყუთი, სადაც ათამდე საიდუმლო დოკუმენტი იპოვა.

„ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა არ იცოდა მის რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების არსებობის შესახებ. მას ესმის კონფიდენციალური და საიდუმლო ინფორმაციის დაცულობის მნიშვნელობა. ის ასევე მზადაა, ითანამშრომლოს ეროვნულ არქივთან და ნებისმიერ შესაბამის გამოძიებასთან“, - აცხადებს პენსის წარმომადგენელი გრეგ ჯეიკობი.

მიმდინარე თვეში საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში, ყოფილ ოფისში და სახლის ავტოფარეხში იპოვეს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიებას გაუძღვება.