World Population Review: ინდოეთმა ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრო

World Population Review: ინდოეთმა ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრო

2022 წლის ბოლოს ინდოეთის მოსახლეობამ 1,417 მილიარდი შეადგინა, რაც ჩინეთის მოსახლეობასთან შედარებით 5 მილიონით მეტია. ამის შესახებ ორგანიზაცია World Population Review-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

17 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 1960-იანი წლების შემდეგ პირველად ჩინეთის მოსახლეობა, წინა წელთან შედარებით, 850 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ქვეყანაში 1,411 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

World Population Review-ის შეფასებით, 18 იანვრის მონაცემებით ინდოეთის მოსახლეობა 1,423 მილიარდს შეადგენს. კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაცია Macrotrends-ი აცხადებს, რომ ინდოეთში 1,428 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთის მოსახლეობის ნახევარი 30 წლამდე ადამიანებია.