როგორც ჩანს ამ კაცს თავისებური ხედვა აქვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის პატივისცემისა. კაცი, რომელიც ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ დგამს ნაბიჯებს, იგივე ადამიანი შემდეგ მაღალ მატერიებზე, მორალურ საკითხებზე გვესაუბრება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე New York Times-ში საქართველოს შესახებ რუსი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიას.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმა ხდება ასეთი ბრალდებებით, რომელიც აბსოლუტურად არაფრით არაა გამყარებული. შემიძლია დავიმოწმო ისეთი ავტორიტეტული წყაროები, როგორიცაა თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ნამდვილად არ არის გამოყენებული როგორც შავი ხვრელი, როგორც ამას უწოდებენ“, - აცხადებს სარჯველაძე.
New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.