CBS: ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საერთო ჯამში 20-მდე საიდუმლო დოკუმენტია ნაპოვნი

CBS: ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საერთო ჯამში 20-მდე საიდუმლო დოკუმენტია ნაპოვნი

ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფისში და შტატ დელავერში მის სახლში საერთო ჯამში 20-მდე საიდუმლო დოკუმენტია ნაპოვნი. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CBS-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტები სამ კატეგორიად იყოფა: კონფიდენციალური, საიდუმლო და სრულიად საიდუმლო. Penn Biden Center-ში ნაპოვნი დოკუმენტები სრულიად საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა.

რაც შეეხება დელავერში, ბაიდენის სახლში ნაპოვნ 10-მდე დოკუმენტს, არცერთი მათგანი სრულიად საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. ჯო ბაიდენს აღნიშნულ ცენტრში ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა. 11 იანვარს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

დოკუმენტები 2009-2017 წლების პერიოდს ეხება, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. აღმოჩენილ საბუთებს შორის ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტებია.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტები განთავსებული იყო ბაიდენის სახლის ავტოფარეხის სათავსოსა და მიმდებარე ოთახში.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიებას გაუძღვება.