GEORGIAN UNIVERSITY თუ ალასანია-სანაძეების უნივერსიტეტი

GEORGIAN UNIVERSITY თუ ალასანია-სანაძეების უნივერსიტეტი

როდესაც განათლების სამინისტრომ საუნივერსიტეტო განათლების სფეროში თავისი ინიციატივები გააჟღერა, რაც ზოგიერთ პრიორიტეტული მიმართულებით განათლების დაფინანსებას, სააკაშვილის პერიოდში სხვადასხვა მაქინაციებით სახელმიწფო ქონების დამთრევი უნივერსიტეტების უკან – საჯარო სექტორში დაბრუნებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში აკადემიური საბჭოების და რექტორის არჩევნების პროცესის რეგულირებას და ზოგან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ-მინისტრის მიერ დროებით დანიშვნას ეხებოდა, ამას სააკაშვილის მიერ გა-ააიპ-ებული და კერძო უნივერსიტეტების მფლობელების მხრიდან საკმაოდ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
გადაწყვეტილებების პაკეტი მართლაც შეიცავს ბევრ საკამათო პუნქტს და განათლების სამინისტროს მხრიდან უკეთესი იქნებოდა, ამ ცვლილებებზე მსჯელობა ღიად და არგუმენტირებულად მომხდარიყო, თანაც მანამ, სანამ პაკეტს პარლამენტში შეიტანდნენ, მაგრამ ახალ ერთ კონკრეტულ ალმა მატერზე მინდა შევჩერდე.

ეს ალმა მატერ – #1 Mother-ს უკავშირდება, – ქალბატონ პროფესორს გიული ალასანიას.

ქალბატონმა გიულიმ ამ დებატებში ჩართვა, ალბათ, თავისი განსაკუთრებული პოლიტ-სტატუსის გამო, შეუფერებლად ჩათვალა და ავანგარდში მის მფლობელობაში მყოფი საქართველოს უნივერსიტეტის თანამფლობელი და რექტორი – ქალბატონ პროფესორი მანანა სანაძე და კანცლერი – ბატონი კოკა თოფურია წარგზავნა. (უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან ნათელი ხდება, რომ ბატონო ნიკოლოზი ამავე დროს არის საქართველოს უნივერსტეტის ერთერთი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის -დირექტორიც).

ქალბატონმა მანანამ მაინცდამაინც ვერ ივარგა – რომელ ტელეშოუშიც გამოჩნდა, თავისი საოცარი ნაკლებკომპეტენტურობა და მაღალდემაგოგიურობა, და სხვისი აზრის მიმართ საოცარი უპატივცემულობა დააფიქსირა და ბოლოს, თსუ სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის კრიტიკის და სტილის ვერამტანმა, მედიდურად დატოვა სტუდია.

ბატონმა კოკამ პუბლიცისტურ არენაზე მოსინჯა საკუთარი უნარ-ჩვევები და უნდა ითქვას, უფრო უკეთ წარმოჩნდა, ვიდრე უფროსი კოლეგა. აი, ამონარიდი მისი ინტერვიუდან კომერსანტ.გე-სთან:

http://www.commersant.ge/?page=personal&bloger=20&id=12

“სახელმწიფო უნივერსიტეტების აგონიას 20 წელიწადზე მეტია ვაკვირდებით და ეს პროცესი სახელმწიფოს ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად გარდაუვალია. შესაბამისად მკვეთრად განსხვავებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი კერძო უნივერსიტეტებსა და ყოფილ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 92%-ს აღემატება, ანალოგიური სურათია სხვა წამყვან კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, მაშინ, როცა ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს მაჩვენებელი იშვიათ გამონაკლისებში თუ აღწევს 40%-ს.“
„2011 წლიდან ყველა უნივერსიტეტი, გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსტიტეტის, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიისა გახდა კერძო – კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი.”
“დღეს ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტების სასათბურე პირობებში ჩაყენება, როცა სახელმწიფო გამორჩეულად აფინანსებს მათ და მომხმარებლისთვის (სტუდენტისთვის) საუნივერსიტეტო მომსახურებას უფასოს ხდის, შეაჩერებს ან საგრძნობლად შეანელებს კერძო უნივერსიტეტების განვითარებას.”
„ამ ნაბიჯით სახელმწიფო სასტიკ კონკურენციას უწევს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს და აფრთხობს იმ ინვესტორებს, ვინც ამ დარგს აფინანსებენ. 2003 წლიდან დღემდე უმაღლეს საგანმანათლებლო ბიზნესში 100,000,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კერძო ინვესტიცია განხორციელდა. სწორედ ამან განაპირობა ამ წლებში თანამედროვე სტანდარტების კერძო უნივერსიტეტების აღმოცენება. თუ ეს ბაზარი უინტერესო აღმოჩნდება ინვესტორებისთვის, აღარ განხორციელდება მომავალში კერძო ინვესტიციები. კერძო უმაღლესების წილი ბაზარზე შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სასარგებლოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამჟამად სახელმწიფოს საზრუნავი ბაზრის 60%-ია, მომავალში ეს პროცენტი მოიმატებს, მაშინ, როცა სახელმწიფო ხარისხიანი მომსახურებით ბაზრის 60%-ის დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს. კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარებისთვის ხელშეშლა ახლად ფეხადგმული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო ინდუსტრიის დასამარების ტოლფასია.“
მასალა მოამზადა – ირაკლი ლექვინაძემ
(ცნობისათვის – ირაკლი ლექვინაძე გიგა ნასარიძის ყბადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველო არ იყიდება“-ს გამგეობის წევრია)

მაგრამ, მოდით, გავყვეთ საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიას და ცოცხალ მაგალითზე ვნახოთ, როგორ „აკვირდებოდნენ“ გიული ალასანია, მანანა სანაძე და კოკა თოფურია სახელმწიფო უნივერსიტეტების კვდომის პროცესს და რამდენად მხოლოდ “დაკვირვება” იყო ეს, თუ ამ კვდომის აქტიური ხელშეწყობა

აი, როგორ აღწერს ამ პროცესს თავად საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდი http://www.gu.edu:

დაფუძნება -
„2002 წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ გადაწყვიტეს, გაეხსნათ ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელიც მოამზადებდა მაგისტრანტებს ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით. ცენტრი დაფუძნდა სტუ-ს ბაზაზე.
ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის შესწავლა და კვლევა. მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავებული იყო იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტს, ამერიკის, თუ ევროპის ზოგადად შესწავლასთან ერთად, შესაძლებლობა ეძლეოდა, თავისი სურვილის შესაბამისად, დასპეციალებულიყო საზოგადოების ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლურ მოდელში: საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ. მიმართულებით. 2004 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო 35 მაგისტრანტმა.
2004 წლის 21 ივლისს შეიქმნა შ. პ. ს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა (სმს). დამფუძნებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო პირები: პროფესორები გიული ალასანია და მანანა სანაძე.

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (სმს)
სმს სწრაფად განვითარდა. სულ მალე მაგისტრანტების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. მრავალფეროვანი გახდა მისი პროგრამებიც. იმავე 2004 წელს, პარტნიორებმა გადაწყვიტეს საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – უნივერსიტეტის დაფუძნება. შ. პ. ს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას, როგორც დამფუძნებელს, გადაერქვა სახელი და ეწოდა: «საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი». დამფუძნებლების ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრეთა და მაღალკვალიფიცირებულ პროფესორთა გუნდი, რომელთა უანგარო და თავდაუზოგავმა შრომამ ისეთი რთული წამოწყება, როგორიც, თანამედროვე, XXI საუკუნის უნივერსიტეტის შექმნაა, რეალობად აქცია.
შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო – მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე. 2005 წლის მიწურულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოვიდა შპს ”საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან” და თავისი უფლება-მოვალეობები გადასცა დარჩენილ პარტნიორებს.

მოკლედ – წაიკითხავ და გული გაგინათდება – აი, როგორ ვითარდებოდა კერძო საუნივერსიტეტო საქმე ერთ, ცალკე აღებულ სკოლის მაგალითზე.

ახლა კი, ვნახოთ იმავე პროცესებზე ნანა ლეჟავას სტუდია GNS-ის საგამოძიებო ჟურნალისტური კვირის რეპორტაჟის 2011 წ 20 ნოემბრის გამოცემა: (http://www.youtube.com/watch?v=jI_2ig17z3k) იხილეთ 15:30-დან.

2004 წლის 23 ივლისს ალასანია-სანაძის „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მე-6 კორპუსის მე-4 სართულზე “ბ” ბლოკი გადაეცა. მაშინ სტუ თავად იყო ამ სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამდენად ფართის გამოყოფა საეჭვოდ არ ჩანდა. მაგრამ 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა „მოულოდნელად“ ისეთ კანონს მოაწერა ხელი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეკრძალებდათ რაიმე სხვა სწარმოებში წილის მფლობელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამით ისარგებლეს (ჰოი, საოცრებავ!) სწორედ მ. სააკაშვილის ახლობლებმა – კავკასიის ბიზნეს სკოლის დამფუძნებელმა კახა შენგელიამ (რომელიც ტრიუმვირატის – თბილისის სახ. უნივერსიტეტის და თბილისის ეკონომკური უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სტრუქტურის – კავკასიის ბიზნეს სკოლის – ერთადერთი მფლობელი გახდა) და სააკაშვილის დედიკომ – გიული ალასანიამ, რომელიც თავის დაქალ მანანა სანაძესთან ერთად კერძო ბიზნეს სტრუქტურის მფლობელი ისე გახდა და ისე დაიტოვა გადაცემული ფართი, რომ ამაში სტუ-ს მხოლოდ 200 ლარი გადაუხადა!

ისევ საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დავბრუნდეთ:

საქართველოს უნივერსიტეტი
„2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში, სულ 117 სტუდენტი.
2007 წლისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რიცხვმა 600 გადააჭარბა.
2006 წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი, რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის კრედიტების ტრანსვერის (სტილი დაცულია!), სუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების, ნაშრომის წიგნად გამოცემისა და 2006 წლის 19 ნოემბერს სუ-ის ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წინაშე სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, დოქტორის ხარისხი მიენიჭა, იყო ედუარდ რობერტ რაუპი.
(ცნობისათვის – სადღეისოდ, ედუარდ რაუპი საქართველოს უნივერსიტეტის 12,5% წილს ფლობს, ისევე როგორც გიული ალასანიას ძმისშვილი – ნიკოლოზ ალასანია. თავად გიული ალასანია და მანანა სანაძე – 37,5%-37,5%. ადვილი დასათვლელია, რომ ალასანიების ოჯახი 50%-იან წილს ფლობს.)

„საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ისევე როგორც თვით უნივერსიტეტი, წარმოიშვა და არსებობს 2004 წლიდან. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თავდაპირველად შეიქმნა დამფუძნებელთა შემოწირულობის საფუძველზე. უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიული ალასანიამ ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა საკუთარი საოჯახო ბიბლიოთეკის ერთი ნაწილი; იმავე პერიოდში პროფესორმა მანანა სანაძემ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა 600, მისმა მეუღლემ მერაბ თოფურიამ 800, ხოლო ძმამ ვლადიმერ სანაძემ 200 წიგნზე მეტი.“
სტოპ!..
ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო ინფორმაცია არც ისე უმნიშვნელოა.
როგორც მახსოვს, იგივე გვარ-სახელის მქონე ბატონი – ვლადიმერ (ვოვა) სანაძე – შევარდნაძის დროს განათლების სამინისტროს მაღალი ჩინის ფუნქციონერი იყო. თუ არ მეშლება, იგი მინისტრ ლადო კარტოზიას მოადგილე იყო და რაღაც კორუფციულ სქემებშიც იყო, მგონი, გარეული. თუ მეშლება, ბოდიშს ვიხდი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არ მეშლება.
ასე რომ, თუ მანანა სანაძის ძმა სწორედ ის ვლადიმერ სანაძეა, ლოგიკურია, დავუშვათ ასეთი სქემა: 2002 წელს სწორედ ვლადიმერ სანაძის „დახმარებით“ მოხდა სტუ-ში ამერიკათმცოდნეობის ცენტრის გახსნა, ხოლო როცა ქვეყანაში მთავრობა „აყირავდა“, უკვე გიული ალასანიამ გააგრძელა დაქალის დაწყებული საქმე და ვლადიმერ სანაძის „კრიშა“ გაცილებით შთამბეჭდავი – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „კრიშით“ ჩანაცვლდა.
მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ქ-ნა მანანა სანაძის მეუღლე თურმე გვარად თოფურია ყოფილა!
როგორ გგონიათ, ახალგაზრდა კანცლერი კოკა თოფურია, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დეკანობასაც ითავსებდა, შემთხვევით ქ-ნ მანანას ნათესავი ხომ არ არის – მეუღლის მხრიდან?
მე მგონი, რომ არის.
მეტიც, მგონია, რომ უბრალოდ შვილია.
ვთხოვ, ჟურნალისტებს ამ ფაქტის გარკვევას. თუ ვცდები, სახალხოდ მოვუხდი ბოდიშს ბატონ კოკა თოფურიას.

ორი საინტერესო ფაქტი:
1) არსებობს პატარა წიგნი – „საქართველოს ისტორიული ატლასი“ / ავტორები: მანანა სანაძე, თამაზ ბერაძე, კოკა თოფურია ; [რედ.: ნანო იორამაშვილი]. – [თბ. : საქ. მაცნე, 2003]. – 48გვ. : რუქ. ; 29სმ.
საინტერესოა, რა როლი ეკისრა 2003 წელს ჯერ კიდევ სტუდენტ და მომავალში ეკონომისტ კოკა თოფურიას „საქართველოს ისტორიული ატლასის“ შედგენაში. ალბათ, ძირითადად ის, რომ მანანა სანაძეს უნდოდა კოკა თოფურიას ნაბეჭდი შრომები ჰქონოდა, რაც მერე „წაადგებოდა“. გაგიგიათ, რომ საქართველოში მხცოვანი პროფესორი თავის რომელიმე არანათესავ სტუდენტზე ასეთ ზრუნვას იჩენდეს? მე პირადად ასეთი 2 შემთხვევა ვიცი მხოლოდ, მაგრამ იქ სტუდენტი მეუღლის მოგვარე არ იყო
2) ბრძანება №99/12 – საქართველოს უნივერსიტეტი
„…ვლადიმერ სანაძე – ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი“ http://www.ug.edu.ge/geo/news_full1.php?nid=1364‎
და, ძმა, დის შვილი და დის რძალი? რაფაელი რომ ცოცხალი იყოს, წმინდა ოჯახის ახალ ვერსიას დახატავდა.
თუმცა, ხომ ვიცით, რომ საქართველოში კერძო საუნივერსიტეტო ბიზნესის ერთერთი ძირითადი ფუნქცია მოგების გარდა ოჯახის წევრების სრულყოფილი და სრულფსოვანი დასაქმება და დახელფასებაა? ამ ტიპის დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ხომ უფრო გასაგები ხდება ბატონ კოკა თოფურიას სტატიის პათოსი და შეშფოთებები?
მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, როგორ დაეუფლა თანდათან, სხვის ბუდეში გაზრდილი გუგულის ბარტყივით საქართველოს უნივერსიტეტი, სტუ-ის ქონებას. ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის მაისში ისევ „მოულოდნელად“ სტუ-ს დიდი ფართი 6300 კვ. მ შენობა და 2,200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოართვა და ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მხოლოდ გიული ალასანიამ მიიღო მონაწილეობა (ნეტა, რატომ არავინ შეეცილა?) და, ამდენად, საწყის ფასშივე იყიდა.
ახლა კი მოუსმინეთ კანცლერ კოკა თოფურიას, რომელიც იმ მომენტისათვის (2007 წელს) საქართველოს უნივერსიტეტში ბუღალტერი იყო (საინტერესოა, შეთავსებით სტუდენტიც ხომ არ იყო)
[მეორე ეპიზოდი GNS-ის საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემის „კვირის რეპორტაჟის“ 2011 წ. 20 ნოემბრის გამოცემა (http://www.youtube.com/watch?v=jI_2ig17z3k) იხილეთ 20:48-დან:]

ნახეთ, რას ამბობს ბატონი კოკა:
- „ვინმე რომ არ შემოგვხტომოდა ტენდერში – ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ… ამიტომ გამოვიტანეთ გასაყიდად ისე, რომ პროფილი შევუნარჩუნეთო!“
ანუ, იმისათვის, რომ ვინმეს ეს ფართი სხვა მიზნებისთვის შესაფერისად არ მოსჩვენებოდა, პროფილი იქნა სპეციალურად შენარჩუნებული! და ეს გააკეთა არა ეკონომიკის სამინისტრომ, არამედ გიული ალასანიამ! ტენდერის პირობები განსაზღვრა არა სახელმწიფომ, – არამედ გიული ალასანიამ – ანუ იმ პირმა, ვის მოსაგებადაც იყო დაგეგმილი ეს „არშემოსახტომი ტენდერი“. ამას მთელ მსოფლიოში „ინსაიდერული გარიგება“ ეწოდება, რომლის ორივე მონაწილე კანონით ისჯება. იშვიათი მასშტაბის აღიარებითი ჩვენებაა ბატონი კოკას მხრიდან.
სულ რაღაც სამი თვის შემდეგ – 2007 წლისვე აგვისტოში საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელსაც მადა ჭამაში მოუვიდა – სტუ-ის მფლობელობაში არსებული 9,000 კვ. სპორტული მოედნებიც იყიდა, ისევ უკონკურენტო ტენდერში და ისევ საწყის ფასად 305,000 დოლარად.
სტუ-ის რექტორი რამაზ ხუროძე ამას ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ კოკა თოფურია აქაც ბრწყინვალედ ხსნის ამ წინააღმდეგობის „უპერსპექტივობას“
„- რამაზს ისეთი რამეები ჰქონდა გაკეთებული, ისეთი რამეები ამოუქექეს, რომ ხმამაღლა, ხმალამოღებული ვერ დაიწყებდა ბრძოლასო.“
ესეც მეორე აღიარებითი ჩვენება, რომ ხუროძეზე ზეწოლა ხდებოდა.
იგივე ეხებოდა შემდგომ რექტორს – არჩილ მოწონელიძესაც.

პრეზიდენტ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მინიმალურ ფასად მიჰყიდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები, მათ შორის – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი, ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა და 1 ჰექტარი მიწა. ეს ქონება მილიონ ლარად იყო შეფასებული. ამასთან დაკავშირებით, 2011 წელს ინფორმაცია საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ-აც“ გამოაქვეყნა:
„2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ.მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და 12 თვეში დაამთავროს სკოლის მშენებლობა.

ჩვენ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე, ირკვევა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 150-დან 60-მდე, ასევე შემცირდა დასასაქმებელ მოქალაქეთა რიცხვი 95-დან 30-მდე. გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად გადაეცათ საჯარო რეესტრის სარგებლობაში რიცხული ყოფილი ინვენტარი. (ოდენობა: 278 ერთეული, ღირებულება: 27 672 ლარი)“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

GNS-ის ჟურნალისტური გამოძიებიდანვე ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის განკარგულებით „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (რომლის პრორექტორიც გიული ალასანიაა) კახეთის გზატკეცილზე, ყოფილი „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 101 222 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ თანხად – ერთ ლარად გადაეცა. ამ ჩამონათვალში კიდევ რამდენიმე სასწავლო დაწესებულების შენობაა, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.

დაბოლოს, იმის შესახებაც, როგორი ფანტასტიურია ხარისხი ამდენი წვალებით შექმნილ კერძო საუნივერსიტეტო „ოაზისში“:

“საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან 14-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.
16:24 / 12-11-2012

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/23389-qsaqarthvelos-universitetisq-studentebis-saprotesto-aqcia.html

უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები მოითხოვენ ადმინისტრაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციას და სტუდენტების თვითმმართველობაში ჩართულობას. ასევე, სტუდენტებს მოთხოვნები აქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებით. მათი თქმით, უნივერსიტეტში თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტუდენტები განათლების სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, რათა აღნიშნული საკითხები შეისწავლონ.

სტუდენტების თქმით, მათთან უნივერსიტეტის კანცლერი კოკა თოფურია ჩამოვიდა, რომელმაც სტუდენტებს განუცხადა, რომ აღნიშნული აქცია არასანქცირებულია და მათ დააჯარიმებენ. სტუდენტებისვე თქმით, დაახლოებით 700-მდე სტუდენტს უნივერსიტეტიდან გარიცხვით ემუქრებიან.

“პალიტრა ტვ” უნივერსიტეტის რექტორს, მანანა სანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავიდან კომენტარზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით “პალიტრა ტვ”-ის კორესპონდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
აქციის მონაწილე სტუდენტები დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სააკაშვილის დროს კარგი ადგილის გარეშე არ დარჩენილა სანაძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისათვის წიგნების შემომწირველი, მანანა სანაძის მეუღლე – ბ-ნი მერაბ თოფურია. იგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და დღემდე იქ მუშაობს.

ნანა ლეჟავას და სტუდია GNS-ის საგამოძიებო რეპორტაჟი მეტად საგულისხმო ციტატით მთავრდება:
იხილეთ 28:30 :

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელსაც ხელზე არაფერი გვეკრობა!“ (მიხეილ სააკაშვილი)!

დემაგოგიის და თვალში ნაცრის შეყრის მწვერვალი…