ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში „უნიკახას“ წინააღმდეგ ჩატარებული წარმატებული თამაშის შემდეგ, ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 36-ს გაუტოლდა, რაც აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და ტურის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში მეჩვიდმეტედ გახდა და ამ მაჩვენებლით ის ფელიპე რეიესს და ბერნარდ ჰოპკინსს გაუთანაბრდა. მის წინ მხოლოდ არვიდას საბონისი და ლუ როი არიან, რომელთაც ეს ტიტული 19-19-ჯერ აქვთ მოპოვებული.
„ლენოვო ტენერიფე“ 11 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 იანვარს, „სარაგოსას“ სტუმრად დაუპირისპირდება.