„აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესი თუ არ იქნა, მაშინ ააგონ ანაკლიის პორტი, დასხდნენ მერე და ითევზაონ მისი სატრანსპორტო სატვირთო მისადგომებიდან“

„აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესი თუ არ იქნა, მაშინ ააგონ ანაკლიის პორტი, დასხდნენ მერე და ითევზაონ მისი სატრანსპორტო სატვირთო მისადგომებიდან“

„ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი როცა კეთდებოდა, შევარდნაძე არაერთხელ იმყოფებოდა ამერიკაში ავადმყოფობის მოტივით, სინამდვილეში, ბაქო-ჯეიჰანისთვის იყო ჩასული. ახლაც, როცა ანაკლიის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჩინეთის, ყაზახეთის, აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესი თუ არ იქნა, მაშინ ააგონ ანაკლიის პორტი, დასხდნენ და ითევზაონ“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2022 წელს საქართველო გადაურჩა საომარ პოლიგონად გადაქცევას და სწორედ ეს იყო ამ წლის მთავარი მიღწევა. თქვენ რას მიიჩნევთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენად 2022 წელს?

- საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, 2021 წელმა ჩაიარა უზარმაზარი დაპირისპირების ფონზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელმაც ასახვა ჰპოვა უკრაინის მოვლენებში. ამიტომ ეს არის ნომერ პირველი თემა, გავლენა და ნიშანი 2022 წლისა, მას ვერაფერი შეედრება. რა თქმა უნდა, საქართველომაც მძიმე პერიოდი გადაიტანა. ერთი მხრივ, პოლიტიკური ზეწოლა, მეორე მხრივ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისგან მოულოდნელი სარგებლობა, როცა ასი ათასობით ადამიანი შემოვიდა, მათ თავიანთი გადმორიცხვების უზარმაზარი დანაზოგები გააკეთეს საქართველოში და ფულის უზარმაზარი მასა მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ეროვნული ბანკის მონაცემებით რუსეთიდან გადმორიცხვებმა წელს (ჯერ ეს წელი დასრულებული არ არის) მილიარდ შვიდასორმოცდაათ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ბუნებრივია, ეს საქართველოს ეკონომიკას დაეპკურა, რამაც უზარმაზარი ბიძგი მისცა ჩვენს ეკონომიკას, რომ თავისი პრობლემების გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არ ყოფილიყო. მით უმეტეს, პანდემიის მძიმე ორი წელი იყო გასული.

მხოლოდ საქართველომ მიიღო სარგებელი რუსეთიდან შემოსული ადამიანების ხარჯზე?

- მხოლოდ ჩვენ არ მივიღეთ სარგებელი ეკონომიკის თვალსაზრისით და ფინანსურად, არანაკლები, თუ მეტი არა, სარგებელი მიიღო სომხეთმა, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 22%-ით გაიზრდება, წელს უზარმაზარი ზრდა აქვთ ამ მხრივ. ტაჯიკეთმა შედარებით ნაკლებად მიიღო სარგებელი ამ მოვლენებისგან. ეს არის ძირითადად ის სამი ქვეყანა, სადაც მიაწყდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლებამ ამ დადებითი შოკის გამო გაიადვილა მდგომარეობა, რადგან მისი არაერთი სექტორი - ეკონომიკა, პოლიტიკა ასეთ შედეგს ვერ დაძლევდა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც დღეს მთავრობა ატარებს, წამგებიანია. იგი არ ქმნის და არ ავითარებს საკუთარ წარმოებას ქვეყანაში. იმ კონკურენტულ სფეროებში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ, არ ვითარდება მეცნიერება, არ ვითარდება სამეცნიერო ტექნიკური სფეროებისთვის აუცილებელი ეკონომიკის სექტორები, სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო დამუშავების თვალსაზრისით მიზერულ თანხებს იმეტებენ.

ის ფაქტი, რომ ანაკლიის პორტი თურმე არ დავიწყებია ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, არ შეცვლის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას?

- ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინა პერიოდში ჩატარებული ტენდერის დროს დაუშვა დანაშაული. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო პრემიერი, იმ დროს კლანურ ინტერესებს შეეწირა ეს უზარმაზარი პროექტი. ვისაც არც პროექტი გააჩნდა და არც ფული, ის გამოჩნდა მაშინ ანაკლიის პროექტში (იგულისხმება ხაზარაძის ინტერესები). ამასობაში გადაიყარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი. არადა, ეს პროექტი საერთოდ არ საჭიროებს საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას. როგორც ადრე ვსაუბრობდით, არსებობს ბრწყინვალე პროექტი სპარტაკ ერაგიასი, რომელსაც მთავრობა იგნორირებას უკეთებს.

საწყისი პროექტი, რომელიც საქართველოს ტრანზიტული ჰაბის როლს წარმოაჩენდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმც ეს არ მოხდა. თუ ფლობთ ინფორმაციას, ანაკლიასთან დაკავშირებით რომელ პროექტზე მუშაობს საქართველოს მთავრობა?

- რა პროექტს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება სპარტაკ ერაგიას პროექტს, მე ამ პროექტში მისი ხელმძღვანელის, ბატონი სპარტაკის თხოვნით მიწვეული ვიყავი ფინანსურ-ეკონომიკური მხარეების მოსაგვარებლად, ძალიან ღრმად ვიცნობ ამ პროექტს. ანაკლიის პორტი არ ჰქვია იმ პროექტს, იმ ბრწყინვალე პროექტში საუბარია ანაკლიის სატრანსპორტო კვანძზე, ეს არის მთელი არსი, რადგან იქ პორტიც იქნება, აეროპორტებიც იქნება, რკინიგზაც, საავტომობილო ტრანსპორტიც და ახალი ტრანსპორტიც, რომელიც ე.წ. პნევმოტრანსპორტია. აქ შეიძლება ყველაფერი განვითარდეს. მაინცდამაინც აქცენტი, რომ თანხებს საქართველოს ბიუჯეტიდან დავხარჯავ, არასწორია. ვერ დახარჯავ ვერაფერს, რადგან ეს გიგანტური პროექტია და მას საქართველოს ვერანაირი ბიუჯეტი ვერ ეყოფა. მოდით, უხეშად ვიტყვი, საქართველოს ბიუჯეტს ვინც ეპოტინება, ყველას უნდა ამ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა. ანაკლიის პორტის აგებას რა აზრი აქვს, თუ ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს მონაკვეთებზე, აქტაუს პორტის მოდერნიზაცია არ მოხდა, თუ სარკინიგზო ქსელები, რომლებიც აკავშირებს ამ ყველაფერს, განახლებული ხაზებით და ინფრასტრუქტურით არ შეხვდა, სად წავიღებთ ამ ტვირთებს, რომელსაც, დავუშვათ, მოიტანენ ანაკლიის პორტში? ვერსად ვერ წავიღებთ, რადგან იმ მოცულობის ტვირთებზე არ არის გათვლილი ეს პორტი.

საქართველოს ხელისუფლებამ ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეისწავლა საქართველოს პორტები, არის გარკვეული მიგნებები და დასკვნები გაკეთებული. პარალელურ რეჟიმში ფოთის და ბათუმის პორტების დატვირთვა ტვირთების გადანაწილებას არ უზრუნველყოფს?

- ფოთის პორტი არაგანვითარებადი პორტია თავისი რელიეფის გამო. ის თავის ფუნქციას შეასრულებს, რაც აქვს, მეტი მას არ შეუძლია. ბათუმის პორტიც, ასევე, გარკვეულად, შეზღუდულია. ანაკლია არის ბრწყინვალე ადგილი, თუკი ამას გონივრულად გააკეთებს ხელისუფლება. თუ ეს ისევე გაკეთდება, როგორც წინა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, მაშინ ეს ყველაფერი სავალალოდ დასრულდება.

ხაზარაძე ამ პროექტიდან გასულია, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა. ახალ პროექტში არ არის გათვალისწინებული სპარტაკ ერაგიას ინტერესები?

- არ ვიცი, პრემიერმა გააკეთა ზედაპირული განცხადება, მას არ დაუკონკრეტებია, რაზეა ლაპარაკი, არც ეკონომიკის სამინისტროდან უფლებამოსილი პირი არ გამოსულა და დეტალურად არ უსაუბრია, რა პროექტზეა საუბარი. არ არის ეს ლოკალური, ერთი ქვეყნის გასაკეთებელი პროექტი. ანაკლიის პორტზე საუბარი ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გაწეული მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. მომავალში ეს უნდა მოემსახუროს აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთ არსებით სატრანსპორტო არტერიას. ამიტომ ცოტა უფრო პროფესიონალურად უნდა ამ საქმეს დანახვა.

კულუარული ინფორმაციით, დღესაც ჩინელებზეა საუბარი, რადგან, დიდი ალბათობით, საერთაშორისო კონკურსი რომ გამოცხადდება, სწორედ ჩინელების ინტერესი იქნება გადამწყვეტი.

-რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესი გაიზარდა სამხრეთ კავკასიის მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მოტივი ის არის, რომ ჩინელები სამხრეთ კავკასიას ხედავენ, როგორც ევროპაში უმოკლეს გზას. ჩინეთის, ყაზახეთის, აღმოსავლეთის ქვეყნების, დიდი ქვეყნების ინტერესი თუ არ იქნა, მაშინ ააგონ ანაკლიის პორტი, დასხდნენ მერე და ითევზაონ მისი სატრანსპორტო სატვირთო მისადგომებიდან. თუ საქართველოს მთავრობა ანაკლიის სერიოზულ პროექტზე საუბრობს, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ურთიერთობაა ამ მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ირანთან, ჩინეთთან, პაკისტანთან და ა.შ.

სამომავლოდ თუკი სპარტაკ ერაგიას პროექტზე შეჩერდება ყურადღება, ინვესტიციებს საიდან ელით?

- საქმე იმაშია, რომ, როგორც წესი, ასეთი დიდი პროექტი კონსორციუმის დონეზე კეთდება, კონსორციუმი კი თავად იძიებს ფულს. ამ პროექტისთვის ფული მოძიებული იყო, საქართველოს მაშინდელ მთავრობას რომ არ ჩაეშალა.

თანხები ჩინეთიდან იყო მოძიებული?

- არა მხოლოდ ჩინეთიდან. სანამ პროექტი დასრულდება, მე სრულიად ნორმალურად მიმაჩნია, ბლოკირების პაკეტი იყოს ხელისუფლების ხელში, რათა რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. როგორც კი პროექტი დასრულდება, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაყიდოს თავისი წილი საქართველოს მოქალაქეებზე. ახლაც თუკი საქართველოს მოქალაქეებს ჩართავენ და აქციებს გამოუშვებენ, მაშინ საზღვარგარეთ მყოფი, ასევე, საქართველოში მცხოვრები შეძლებული ადამიანები ჩადებენ ამ საქმეში ფულს, რადგან ეს პერსპექტივაში მათი ოჯახებისთვის სერიოზული შემოსავალი იქნება. მთავარია, კლანურობა დასრულდეს.

თავის დროზე ხაზარაძე ანაკლიაში გზის, რკინიგზის მიყვანას ითხოვდა, ასევე, სახელმწიფოს სთხოვდა გარანტორობას, სანაცვლოდ კი სახელმწიფო წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ან საერთოდ არაფერს მიიღებდა. ბიზნესისგან წამოყენებული ასეთი მოთხოვნები რამდენად სამართლიანია?

- მერე რა, რომ ბატონ ხაზარაძეს ბევრი რამ უნდოდა. ნდომა კანონით აკრძალული არ არის. საქართველოს იმდროინდელი მთავრობის დანაშაულებრივმა ტენდერმა შეუწყო ხაზარაძის და ამერიკული ფირმის ხელში ანაკლიის პროექტის ჩაგდებას. არავითარი მისასვლელი გზები სახელმწიფო ბიუჯეტმა არ უნდა გააკეთოს, საერთოდ, ბიუჯეტმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს პროექტი სხვანაირადაა აწყობილი, არსად, არც ერთ ეტაპზე ამ დიდ პროექტში, რომლის ტომები არსებობს, არც ერთი თეთრი საქართველოს ბიუჯეტიდან არ უნდა დაიხარჯოს. საქართველოს ხელისუფლების გარანტიებზეც ზედმეტია საუბარი. საქართველოს ხელისუფლების გარანტია არის კანონი, ინვესტორების ხელშეწყობა.

სპარტაკ ერაგიამაც ხომ არ უნდა იაქტიუროს, რომ დაანახოს ანაკლიის მისეული პროექტის ღირებულება ხელისუფლებას?

- ყველამ ყველაფერი იცის, ეს პროექტი ცნობილია ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ევროპაშიც. ერთადერთი ამას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, ეს არ არის უბრალო ბიზნესპროექტი. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი როცა კეთდებოდა, ამას სახელმწიფო დონეზე უამრავი ვიზიტი დასჭირდა, მათ შორის, შევარდნაძეც არაერთხელ იმყოფებოდა ამერიკაში ავადმყოფობის მოტივით, სინამდვილეში, ბაქო-ჯეიჰანისთვის იყო ჩასული, თუ არ ვცდები, 3,5 მილიარდი დაჯდა ის პროექტი. ასეთი მასშტაბური ეკონომიკური პროექტები არ შეიძლება გაკეთდეს კონფრონტაციულ დონეზე, ამას უნდა ყველა დონეზე შეთანხმება, ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული მუშაობა, მაგრამ ბიუჯეტიდან ფულს დავხარჯავ, ეს სერიოზული საუბარი არ არის. ეს იზოლირებული პორტი ვერ იქნება, იზოლირებული პორტი ჩვენ დღესაც გვაქვს ფოთის პორტის სახით, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, მეტის საჭიროება არ არის. ანაკლიის პროექტი კი ქართული საინჟინრო მეცნიერების და პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეზეა გაკეთებული და ამას გამოყენება სჭირდება.

 

 

ცუგო- რაღაცას ბლანდავს გიორხელიძე, საერთოდ არ ახსენებს თეიმურ ქარჩავას, რომელიც იმ კონსორციუმის დაფუძნებული იყო, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებია, ერაგიაც მასთან ერთად იყო, მერე ნაცებმა გამოაძევეს და დააჯარიმეს... რაღაც ისე არ არის, როგორც ეს კაცი ყვება... ნოზაძე, კარგად რომ გეცადა გარკვევა....
1 წლის უკან
რომანი პორტი აშენდება, უდავოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამისთვის საჭიროა ნება და სათანადო სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შერჩევა. საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აქციონერი რადგან ეს სტატუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მესაკუთრის უფლებებით - იგი მრავალწახნაგოვანია და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.
1 წლის უკან
გიორგი ბერძულიშვილი სახელმწიფოს ჩართულობა აშკარად ამერიკელების მოთხოვნა იქნება, ისინი პორტიდან გატანილ/შემოტანილი საქონლის კონტროლის თვალსაზრისით ვერ/არ ენდნენ ხაზარაძეს და მის ბანდას, მოითხოვეს დაცვის უფრო მაღალი დონე-სახელმწიფოს კონტროლი, რის გამოც ჩავარდა ხაზარაძის პროექტი. ახლა სახელმწიფოს ჩართვის შემდეგ, ამერიკელების ხელშეწყობით უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების მოძიებაც და პორტის მოკლე ვადაში აშენებაც. გაკეთდება ძალიან კარგი საქმე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც და დაცულობის თვალსაზრისითაც. წარმატებები და წინსვლა საქართველოს და ყველა ქართველს.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აშშ უნდა გაეთრიოს საქართველოდან, კავკასიიდან!
1 წლის უკან
ლაზი ასეთი დიდი პროექტები, მათ შორის ჰესები, უნდა გახდეს საერთო სახალხო საკუთრება აქციონირების გზით. არავითარი მსხვილი პაკეტები და ლოტები. ერთი აქციის ფასი, ერთი ლარი. ამ გზით საკონტროლო პაკეტი საქართველოს დარჩება და მმართველსაც ის აირჩევს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაწილი.
1 წლის უკან