უნაი ემერი:

უნაი ემერი: "მარტინესი გუნდში რომ დაბრუნდება, მეტოქის პატივისცემასა და აღნიშვნაზე დაველაპარაკები"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ემილიანო მარტინესზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, როდესაც არგენტინელი გუნდში დაბრუნდება, მეტოქის პატივისცემისა და გამარჯვების (ან გოლის) აღნიშვნის შესახებ გაესაუბრება.

„როდესაც ჩვენთან არის და ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, შეგვიძლია ვისაუბროთ. ვამაყობთ მისით, მან მსოფლიო თასი მოიგო და ეს რაღაც წარმოუდგენელია. მინდა, რომ დაისვენოს, რადგან დიდი აღტაცებისა და შრომის შემდეგ რამდენიმე დღე დასვენება სწორია. როცა დაბრუნდება, დაველაპარაკები. როდესაც დიდ ემოციას განიცდი, ძნელია თავის შეკავება, მაგრამ მე მას აღნიშვნებზე და მეტოქის პატივისცემაზე დაველაპარაკები“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესის ჟესტებმა და საქციელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალსა და მისი დასრულების შემდეგ დიდი პოლემიკა გამოიწვია.