ბუფონი:

ბუფონი: "მუნდიალის მოგების შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეორე დღეს ბედნიერი მოვკვდებოდი"

„პარმას“ ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ ბედნიერ სიკვდილზე ფიქრობდა.

„პირველი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ გავიფიქრე ისაა, რომ შესაძლებელია მეორე დღეს ბედნიერი მოკვდე. მაშინ იგრძნობა მოვლენის სიდიადე და მნიშვნელობა, იმის, რაც გააკეთე. ყველაზე მეტად გული ევრო 2008-ში ესპანეთთან პენალტებში წაგებაზე მწყდება, უფრო მეტად, ვიდრე ევრო 2012-ს ფინალზე. 2012 წელს ვფიქრობ, ჩვენი მაქსიმუმი იყო ფინალი, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაში არ შეიძლებოდა მსგავსი ანგარიშით წაგება, ხოლო 2008 წელს მგონია, რომ ჩემპიონობა ნამდვილად შეგვეძლო.

ყოველთვის მაინტერესებს, ჩვენ, იტალიელებს რატომ გვჭირდება ბიძგი, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და მოტივაცია მივიღოთ. შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდე, მაგრამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე ადგილზე გახვიდე, თიმცა ჩვენ ყოველთვის სახეში ძლიერი დარტყმა და ძირს დავარდნა გვჭირდება, რომ საკუთარ თავში მოტივაცია ვიპოვოთ შემდეგ კარგი შედეგის საჩვენებლად.

იტალიის ნაკრებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალი როცა ვითამაშეთ, არ წაგვიგია, მხოლოდ კონფედერაციათა თასზე მომიწია მესამე ადგილისთვის თამაში და გამარჯვება სასიამოვნო გრძნობა იყო, რადგან ტურნირ გამარჯვებული, მედლით დავტოვე, ფინალში წაგება კი საშინელ განცდას გიტოვებს“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 წელს მოიგო. მან „სკუადრა აძურაში“ 1997-2018 წლებში 176 მატჩი ჩაატარა და იტალიის ნაკრების რეკორდსმენია.