ინფლაცია ისევ მაღალია და რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყებს შემცირებას. ესეც ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, რომელიც, როგორც წესი, არ მართლდება ხოლმე. ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკის თავს იზღვევს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად ტოვებს. უკვე კარგა ხანია იგი 11 პროცენტს შეადგენს.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა, თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ნავთობპროდუქტების ფასებმა მოიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს.
საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4 პროცენტი შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის.
მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ხაზგასასმელია, რომ, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან_და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
დაახლოებით იმავე მოსაზრების არიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები. „თიბისი ბანკის“ პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი შემცირებას გაზაფხულზე დაიწყებს და 2023 წლის ბოლოსთვის 9%-იან ნიშნულამდე შემცირდება.
„თიბისის მოლოდინია, რომ დაახლოებით გაზაფხულის მეორე ნახევრიდან უფრო მეტად დაიწყებს ინფლაცია შემცირებას, აქედან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთიც დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოსთვის ალბათ 9%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.
საბანკო სექტორი დამოკიდებულია ეკონომიკაზე, ეკონომიკა მიმდინარე წელს საკმაოდ გაიზარდა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 2022 წელი შეიძლება შეფასებული იყოს როგორც საკმაოდ წარმატებულ წლად მთლიანად საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას და ამბობს, რომ თუ სებ-ის პოლიტიკა იქნება მეტად გონივრული, მაშინ, სრულიად რეალურია, რომ ადგილობრივი გავლენა ფასების ზრდაზე იყოს მინიმალიზებული.
„ინფლაციას აქვს ორი შემადგენელი კომპონენტი. ერთია საგარეო ფაქტორი და მეორე ადგილობირვი გარემოებები. ახლა ბევრ სახელმწიფოში ფულის მასის ძალიან მაღალი ტემპით იზრდება და ევრო და ამერიკული დოლარი სწრაფად უფასურდება. ამას დამატებით ამწვავებს ენერგოკრიზისი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. ყველა ეს ფაქტორი ჯერჯერობით რჩება და მათი გავლენა კვლავაც იქნება დიდი.
რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, თუ კი ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება უფრო გონივრული, ვიდრე აქამდე იყო, მაშინ, სრულიად რეალურია, რომ ადგილობრივი გავლენა ფასების ზრდაზე იქნება მინიმალიზებული. მით უეტეს, რომ საქართველოში არ არის ენერგოკრიზისი და სხვა ისეთი შემზღუდველი სირთულეები, რომელიც მკვეთრ გავლენას მოახდენდა ინფლაციაზე“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.