ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა

თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის კონგრესს სტუმრობდა. უკრაინის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში ოვაციებით შეხვდნენ. ზელენსკიმ კონგრესმენებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„უკრაინა არ დაცემულა. ის ცოცხალია და იბრძვის. მაისის თვიდან რუსები ცდილობენ ბახმუტის აღებას, იყენებენ ხელთ არსებულ ყველანაირ რესურსებს, განუწყვეტლივ ბომბავენ. მათ აქვთ უპირატესობა არტილერიაში, თვითმფრინავებში, საბრძოლო მასალებში. ქალაქში, სადაც 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრებია დარჩენილი. აქ მიწის ყოველი გოჯი სისხლითაა გაჟღენთილი, მაგრამ ბახმუტი დგას. დონბასი დგას. უკრაინა არასდროს დანებდება. ეს ბრძოლა არ შეიძლება გაიყინოს ან გადაიდოს. ის არ უნდა იყოს დაიგნორებული. შეუძლებელია, ამ ბრძოლაში ვინმე განზე იდგეს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. ჩვენ და შეერთებულ შტატებს ერთი ღირებულებები გვაკავშირებს. ჩვენ ამ ომში მოკავშირეები ვართ და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება გარდამტეხი, როდესაც უკრაინული სიმამაცე და ამერიკული ურყეობა მოგვცემს თავისუფლებას. ჩვენი გმირები 300 დღეზე მეტია, იცავენ სამშობლოს, მაგრამ მათ სჭირდებათ მეტი იარაღი, არამხოლოდ იმისთვის რომ თავი დაიცვან, არამედ იმისათვის, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვონ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ტირანია. მოდით, გავაკეთოთ ეს.

გუშინ ბახმუტში ვიყავი და ჩვენმა გმირებმა გამომატანეს დროშა ბრძოლის ველიდან. ეს არის იმ ადამიანების დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ფასად. მათ გამომატანეს ეს დროშა თქვენთან, კონგრესმენებთან, რომელთა გადაწყვეტილებებმაც შეიძლება მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. გიტოვებთ ამ დროშას, როგორც ჩვენი ერთიანი ბრძოლის სიმბოლოს, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა პირველად დატოვა. უკრაინის პრეზიდენტი საგანგებო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. ენდრიუსის ავიაბაზაზე, ის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით, პოლონეთიდან ჩაფრინდა. ზელენსკი თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო.