ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებში მუშაობაზე დაფიქრდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, რის შემდეგაც, ლუი ვან გაალმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარალელურად, პორტუგალიის ნაკრებმაც განიცადა მარცხი მაროკოს წინააღმდეგ, რის შედეგადაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ფერნანდუ სანტუშმაც დატოვა.
ლუი ვან გაალი 3FM რადიოს ესაუბრა, სადაც წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით შემდეგნაირად უპასუხა: ,,მე მუშაობა დავასრულე, ისევ. თუმცა თუ პორტუგალიიდან დამირეკავენ, მე მათ მოვუსმენ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - განაცხადა ვან გაალმა.
ფერნანდუ სანტუშის წასვლის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს, ჟოზე მოურინიოს, ანდრე ვილაშ-ბოაშს და პაულო ფონსეკას უკავშირებენ, თუმცა ისინი არც ვან გაალის გამოცდილების მქონე სპეციალისტზე იტყვიან უარს.
ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს პირველად 2000-2001 წლებში, მეორედ 2012-2014 წლებში, მესამედ კი 2021-2022 წლებში წვრთნიდა.