შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო ჩვენი რეგიონისა და ევროპის დაინტერესებულ ქვეყნებში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც. იგი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროებისგან მიღებული ენერგიის გატარებას ევროპისკენ, რაც საქართველოს წისქვილზე წყლის დასხმაა.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატივაც და იდეაც საქართველოს ეკუთვნის. სწორედ საქართველომ წარადგინა ეს პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში და მანვე დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ისევე როგორც დაიწყო სამუშაოების დაფინანსება.
„შემდგომ ამას შემოუერთდა, რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნები და ცოტა ხნის წინ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რომელშიც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული. თავდაპირველ ეტაპზე ასეთი ინტერესი არ იყო, ასე აქტუალურად დანახული არ იყო პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურად ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ევროკავშირში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკვე მიმდინარე წელს. ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების ენთუზიაზმი ვნახეთ ყველამ.
ეს არის პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის საგანი, როცა ევროკავშირის ორი ქვეყანა არის პროექტის განხორციელებაში ჩართული, განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაფინანსების საკითხიც, რაზეც ევროკავშირი ამბობს, რომ პრობლემა არ იქნება.
„ითქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის მობილიზებისთვის თავად ევროკავშირი არის მზად. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა და წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა და საწყის ეტაპზე არც ისე აქტუალურად განიხილებოდა, თუმცა დღეს ნამდვილად ფლაგმანი პროექტია ევროპასთან ურთიერთობის საკითხში. ალბათ, ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
რა შესაძლებლობებს ხსნის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი და რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს? ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ჩვენ უკვე ვხდებით აუცილებელი დერეფანი ევროპისათვის, აქამდე მხოლოდ გაზისა და ნავთობის საშუალებით ვუკავშირდებოდით ევროპას, მაგრამ ეს იყო თურქეთის გავლით, ახლა საქართველო პირდაპირ უკავშირდება ევროპას, აქამდე გვქონდა ჩვენ გაზის და ნავთობის მიწოდების გამოცდილება, მაგრამ ელექტროენერგიის კაბელის ჩადება ჩვენ შემთხვევაში პირველია, ეს ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც საინტერესოა. ამ კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
საქართველომ დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათის ელექტროენერგია გაყიდა წყალუხვობის პერიოდში თურქეთში და მარტო იგივე რაოდენობის ელექტროენერგია რომ გაგვეყიდა ევროპაში ხომ უფრო მაღალ ფასს ავიღებდით?!“, - განაცხადა არაბიძემ.
როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, 2023 წლის ბოლოს ამ პროექტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იქნება და პროექტი ძალიან სწრაფად ამუშავდება, რადგან არსებობს პოლიტიკური ნება და მოძიებულია თანხები.
„პროექტის მთავარი არსი და მნიშვნელობა არის ის, რომ იგი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროებისგან მიღებული ენერგიის გატარებას ევროპისკენ, რაც ჩვენ წისქვილზე წყლის დასხმაა.
რაც შეეხება დაფინანსებას, პირველი ეტაპზე ეს არის 2.3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოიძია ევროკავშირმა. ბუნებრივია, პროექტზე მუშაობის პერიოდში სხვა ინვესტიციებიც იქნება. ჩემი აზრით, დაახლოებით, 3-3,5 მილიარდ დოლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს. მთავარია ჩვენ სარგებელი მივიღოთ აქედან. ჩვენ ტრანზიტზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და ჩვენი ენერგია უნდა გავიტანოთ, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ქარისგან, მზისგან და წყლისგან ენერგია ვაწარმოოთ“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ არაბიძემ.
ამასობაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ის სახელმწიფოებიც ინტერესდებიან, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდებიან ამ მნიშვნელოვან პროექტს. მაგალითად, საუდის არაბეთმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულ აზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა.
„საუდის არაბეთის კომპანია „აკვა ფაურმა“ აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი.