ბევრი ადამიანი უსმენს მუსიკას მუშაობის, ვარჯიშისა თუ, უბრალოდ, დასვენების დროს, მაგრამ რატომ? რა ეფექტი აქვს მუსიკას ტვინზე?
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ, კარგი განწყობის ჰორმონი დოფამინის გამოყოფასთან ერთად, მუსიკის მოსმენამ შეიძლება გააძლიეროს ჩვენი კოგნიტიური ფუნქცია, პოტენციურად, გაგვათავისუფლოს შფოთვისა და სტრესის სიმპტომებისგან და დაგვეხმაროს კონცენტრირებაში.
"როდესაც სიმღერა გესმით, თქვენი სმენითი ქერქი — თქვენი ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ხმის დამუშავებაზე — აქტიურდება", — განუცხადა Live Science-ს ფსიქოთერაპევტმა, დეზირე სილვერსტოუნმა. "ეს ააქტიურებს თქვენი ტვინის სხვა უბნებს, მათ შორის, ლიმბურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე, და მოტორულ ქერქს, რომელიც აკონტროლებს მოძრაობას."
სილვერსტოუნმა ასევე დასძინა, რომ ტვინის მეტი უბნის გააქტიურებასთან ერთად, შეიძლება ვიგრძნოთ მუსიკის ეფექტი. მაგალითად, თუკი უსმენთ სწრაფი ტემპის მუსიკას, შესაძლოა, უფრო ფხიზლად და ენერგიულად იგრძნოთ თავი, ხოლო თუკი ნელი ტემპის მუსიკას უსმენთ, შეიძლება თავი უფრო მშვიდად და მოდუნებულად იგრძნოთ.
კოგნიტიური პროდუქტიულობა
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წარმატებით გაგიხსენებიათ სიმღერის ტექსტი, თუმცა დაგვიწყებიათ ის, თუ რა აკეთეთ კვირის განმავლობაში? 2008 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Perception and Motor Skills-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რიტმს, მუსიკალური აკომპანემენტითურთ ან მის გარეშე, შეუძლია "გააიოლოს ტექსტის გახსენება", რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოსმენა ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარება.
გარდა ამისა, 2010 წელს იმავე ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მუსიკას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი კოგნიტიური ფუნქცია მეხსიერებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას. ექსპერიმენტში 56 სტუდენტს დაავალეს, შეესრულებინათ ლინგვისტური და სივრცითი დამუშავების დავალებები მოცარტის სიმფონიების 10 ნაწყვეტის მოსმენისას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფონური მუსიკა კორელაციაშია სივრცითი დამუშავების (რამდენად სწრაფად აღვიქვამთ ფორმებს და ობიექტების შაბლონებსა და პოზიციებს) სიჩქარისა და ენობრივი დამუშავების (სიტყვების დამუშავების ჩვენეული უნარი) სიზუსტის ზრდასთან.
მაგრამ რა არის ამის მიზეზი? 2007 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Aging Clinical and Experimental Research-ში გამოქვეყნდა, ჩვენი ტვინის ფუნქციის ამგვარი გაუმჯობესება შეიძლება აიხსნას "აღგზნება-განწყობის ჰიპოთეზით". ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ მუსიკა აძლიერებს ჩვენი აღგზნების დონეს — ანუ ვართ უფრო ფხიზლად — და ხელს უწყობს გახსენებას. კერძოდ, თეორიის მიხედვით, სახალისო ფონური მუსიკის დამატება სასწავლო ამოცანას უფრო საინტერესოს ხდის და, შესაბამისად, ზრდის მოსწავლის საერთო აღგზნების დონეს.
შფოთვა და დეპრესია
ჟურნალ Frontiers in Psychology-ში 2017 წელს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, მუსიკა შეიძლება სასარგებლო იყოს დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად. მკვლევრებმა გააანალიზეს 28 კვლევა და დაადგინეს, რომ 26 მათგანის ექსპერიმენტის ჯგუფებში, რომლებიც უსმენდა მუსიკას, აღინიშნა დეპრესიის მნიშვნელოვანი შემცირება კონტროლის ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც არ უსმენდა მუსიკას. კერძოდ, ხანდაზმულმა პირებმა (სპეციფიკური დაავადების გარეშე) გაიუმჯობესეს მდგომარეობა, როდესაც უსმენდნენ მუსიკას ან მონაწილეობდნენ მუსიკალურ თერაპიაში. მუსიკალური თერაპია შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, დაკვრას, შექმნას ან ურთიერთობას.
ლონდონის თერაპიული კლინიკის, კოვე კლინიკის, თანადამფუძნებელი, ფსიქოთერაპევტი ჯორდან ვიას-ლის მიხედვით, ოპტიმისტური ან ბედნიერი მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ, გაააქტიუროთ ნერვული ქსელები, რომლებიც ინახავს პოზიტიურ და პირად მოგონებებს.
"ეს არის ერთგვარი ინფორმაცია, რომელიც იბლოკება დეპრესიის შეტევების დროს და რომლის განბლოკვაც საჭიროა პრობლემის გადაჭრის უნარებისა და ადაპტაციური, პოზიტიური ქცევითი უნარ-ჩვევების სტიმულირებისთვის", — განუცხადა ვიას-ლიმ Live Science-ს.
ფსიქოთერაპევტმა ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ მუსიკა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეპრესიას განკურნავს, მაგრამ მას შეუძლია, გამოჯანმრთელების დამხმარე საშუალებად იქცეს.
2022 წელს გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Musicae Scientiae-ში, დაადგინა, რომ მუსიკის მოსმენამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დიაგნოზირებული შფოთვის შემსუბუქებაზე სხვადასხვა ჯგუფში. ავტორების თქმით, ყველაზე გავრცელებული "სესიის დრო" იყო 30 წუთი, თუმცა, მათი ვარაუდით, სხვადასხვა ხანგრძლივობის შედარება სასარგებლო იქნებოდა შემდგომი დასკვნების გასაკეთებლად იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა მოუსმინოთ მუსიკას, რომ შფოთვისგან გათავისუფლდეთ.
სტრესის ხანგრძლივმა პერიოდებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს სხეულს, მაგრამ, ექსპერტების თქმით, იოგას, მედიტაციისა და ვარჯიშის მსგავსად, მუსიკის მოსმენა ასევე ამცირებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს.
"მუსიკა, ძირითადად, მოქმედებს ტვინში ნეიროქიმიკატების გამოყოფაზე, ზრდის სეროტონინისა და დოფამინის გამოყოფას და ამცირებს კორტიზოლის ეფექტს", — აღნიშნა ვიას-ლიმ.
მან ხაზი გაუსვა 2015 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ ამცირებს მუსიკის მოსმენა ოპერაციამდე, მის დროს და შემდეგ, სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებულ ტკივილსა და სტრესს.
"მაგრამ მტკიცებულებები არათანმიმდევრულია", — განაცხადა ფსიქოთერაპევტმა. ამჟამინდელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, "მუსიკა ასტიმულირებს ფიზიოლოგიურ და ფსიქო-ემოციურ რეაქციებს, ხსნის ტვინის გზებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიურ მოგონებებსა და გრძნობებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სტრესს".
დოფამინის წარმოება
დოფამინი არის სასიგნალო მოლეკულა, რომელიც მოქმედებს როგორც ქიმიური მაცნე ნერვულ სისტემაში და როგორც ჰორმონი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სხეულის ბევრ ქსოვილზე. იგი ორგანიზმში ბევრ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველაზე ცნობილია "სიამოვნებისა და ბედნიერების ჰორმონის" სახელით. სილვერსტოუნის თანახმად, მუსიკას შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ "კარგი განწყობის ჰორმონის" გამოყოფას.
"როდესაც დოფამინის დონე იზრდება, თავს კარგად ვგრძნობთ და ჩვენი განწყობა უმჯობესდება", — განუცხადა სილვერსტოუნმა Live Science-ს. "დოფამინი ასევე ჩართულია ტვინის ჯილდოს სისტემაში, რითაც აიხსნება ის, თუ რატომ ვგრძნობთ ხოლმე სიამოვნებას მუსიკის მოსმენისას."
როგორც ჩანს, ამ მტკიცებას მხარს უჭერს 2019 წლის კვლევა, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა 3 განსხვავებულ ჯგუფს მიაღებინეს დოფამინის პრეკურსორი (ლევოდოპა), დოფამინის ანტაგონისტი (რისპერიდონი) და პლაცებო (ლაქტოზა) და მონაწილეებს დაავალეს, მოესმინათ 10 პოპ სიმღერისა და 5 საყვარელი მუსიკალური მონაკვეთისთვის. მათ აღმოაჩინეს, რომ დოფამინის პრეკურსორი, ლევოდოპა, პლაცებოსთან შედარებით, ზრდის სხეულის პასუხს სიამოვნებაზე, ხოლო მათ, ვინც დოფამინის ანტაგონისტს იღებდა, განიცადეს ორივეს, სიამოვნებისა და მასზე სხეულის პასუხის, შემცირება.
მუსიკის უარყოფითი ეფექტები
როგორც დავინახეთ, მუსიკას შეუძლია, გააუმჯობესოს აზროვნება, მაგრამ ასევე შეუძლია, გააუარესოს ჩვენი განწყობა — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე ცუდ ხასიათზე ვართ. 2019 წლის სტატიაში, რომელიც ჟურნალ Psychology of Music-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირების 17%, როგორც თავად აღნიშნეს, სევდიანი მუსიკის მოსმენის შემდეგ თავს უარესად გრძნობდნენ, როდესაც თავიდანვე უარყოფით განწყობაზე იყვნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 74%-ს სევდიანი მუსიკა არ აწუხებდა.
"სევდიანი ან ბრაზით სავსე მუსიკის ზედმეტად ხანგრძლივი დროით მოსმენამ შეიძლება გაზარდოს კორტიზოლის გამოყოფა და დაასტიმულიროს ტვინის არეები, რომლებიც დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან", — თქვა ვიას-ლიმ. "მას შეუძლია, გაააქტიუროს ტვინში საფრთხის აღმოჩენის სისტემებიც კი."
ფსიქოთერაპევტის თქმით, როგორ, რა ხანგრძლივობით და რა ტიპის მუსიკას ვუსმენთ, ალბათ, ერთ-ერთ მთავარ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ შემდეგში მუსიკა დაკვირვებით შეარჩიეთ.