საქართველოში მომსახურება კიდევ ძვირდება და ეს განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორს ეხება. უკვე დასამალი არ არის, რომ საქართველოს რესტორნებში ფასები ევროპულისას უახლოვდება, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს.
ამის თაობაზე რესტორატორები კარგა ხანია საუბრობენ. ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ მერი გუბელაძემ თქვა, რომ პროდუქტებზე მომატებული ფასების ფონზე რესტორნები იძულებულნი არიან, პერიოდულად, მომსახურება გააძვირონ.
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, გაძვირებული ნედლი პროდუქტია, რისგანაც მომხმარებლისთვის რესტორანში კერძები მზადდება. რესტორან „თაშრეს“ გენერალური მენეჯერი მაკა ცაბუტაშვილი ამბობს, რომ დღეს არა მხოლოდ პანდემიამდე არსებული ფასებით, არამედ პანდემიის დროს მოქმედი საფასო პოლიტიკით მუშაობაც წარმოუდგენელია.
„ვერ ვმუშაობთ იმ ფასებითაც კი, რაც პანდემიის დროს გვქონდა. აღარ ვლაპარაკობ პანდემიამდე პერიოდზე. რა თქმა უნდა, მოგვიწია გაძვირება. ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. თუმცა კიდევ ზრდის მოლოდინია.
ჩვენც არ მოგვწონს, მით უმეტეს მომხმარებელს როგორ მოეწონება, მაგრამ უბრალოდ, გაძვირებული პროდუქციის ფონზე, ბალანსს ვერ ვიცავთ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბიზნესი გადავარჩინოთ“, - განაცხადა მაკა ცაბუტაშვილმა.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძე კი ფასების მატებასთან დაკავშირებულ სიტუაციას სხვაგვარად აფასებს. მისი აზრით, ფასები იმაზე მეტად ვერ გაძვირდება, რის გადახდასაც მომხმარებელი ვერ შეძლებს.
„ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძვირდება რესტორანში ფასები, თუ მას მსყიდველუნარიანობა არ ექნება. თუ რესტორანს სტუმარი შეუმცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორი ნაბიჯია გადადგმული, მიუხედავად იმისა, ეს სავალდებულო იყო თუ არა. შესაბამისად, თუ რამე გაძვირდება, ეს იქნება იმდენად გაძვირებული, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლება გადახდა. მომხმარებელზეა ბიზნესი დამოკიდებული და არა პირიქით, მომხმარებელი - რესტორანზე. გაძვირება შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მტკივნეული“, - განაცხადა „კომერსატთან“ ბურჯანაძემ.
სტურმარმასპინძლობის ბიზნესში რესტორნებზე არანაკლები სისწრაფით იმატებს სასტუმროების მომსახურების ტარიფები. ზაფხულში ფასები ისედაც გაიზარდა და ახლა ზამთრის სეზონის დაწყებამდე, კურორტებზე მომსახურება კიდევ გაძვირდა. სასტუმროების ერთ ნაწილში ფასთა სხვაობა, ჯერჯერობით, 10-15%-ია, მაგრამ იქამდე, ვიდრე თეთრი სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, ტარიფების გაზრდა კვლავ მოსალოდნელია.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელძღვანელი მაია სიდამონიძე ამბობს, წლევანდელი ზამთრის სეზონი, პანდემიის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნად და ძვირიან წლად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
„როგორც წესი, მოთხოვნა უფრო დიდია ხოლმე, ვიდრე შეთავაზება, რადგან ადგილობრივ დამსვენებლებს ემატება უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ეს ყოველივე იწვევს ფასების მატებას და სეზონის განმავლობაში სხვა პრობლემებსაც. შემდგომ ირკვევა, რომ კურორტები ამას ვეღარ უმკლავდებიან.
ეჭვი მეპარება, რომ ბაკურიანი იმ სტუმრებს გაუმკლავდეს, რომელიც წელს თებერვალში იქ გასამართ ჩემპიონატზე ჩადიან. დელეგაციები, კონკურსანტები, მათი თანმხლები პირები, საკმაოდ ბევრნი იქნებიან და ამიტომ ეს პერიოდი ბაკურანი გადავსებული იქნება და ტარიფები, რა თქმა უნდა, მაღალი.
პანდემიის შემდეგ, მიმდინარე სეზონი, ყველაზე მოთხოვნად და ძვირიან წლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. წელს, ასე ვთქვათ, ყველაზე დატვირთული სეზონი გვექნება“, - განაცხადა სიდამონიძემ.
მომსახურების გაძვირება საქართველოში განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო და ყველა სეგმენტს შეეხო.