ტოტი:

ტოტი: "სპალეტი ახლაც საუკეთესოებშია, მას დაველაპარაკებოდი, თუ რა მოხდა ჩვენს შორის"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან საუბარი სურს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა მათ შორის.

„სპალეტის სიამოვნებით დაველაპარაკებოდი იმის შესახებ, თუ რა მოხდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში ჩემი თავი სრულად წარმოვაჩინე, მან შეცვალა ჩემი პოზიცია მოედანზე და მასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ცოტას თუ შეუძლია გუნდის მოედანზე ისე გაყვანა, როგორც მას. ძალიან მომწონს მისი „ნაპოლი“ და ეს აჩვენებს, რომ ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი ტოტის მწვრთნელი „რომაში“ 2005-2009 და 2016-2017 წლებში იყო. თუ პირველი თავგადასავლის პერიოდში სპალეტისთვის ტოტი შეუცვლელი ფიგურა იყო, მეორე პერიოდში ყველაფერი სხვაგვარად იყო და ტოტისთან კონფლიქტი ჰქონდა და სათამაშო დროს არ აძლევდა, რის გამოც 2017 წელს ფეხბურთელს კარიერის დასრულება მოუწია, ხოლო სპალეტის ამის გამო „რომას“ ფანებთან ურთიერთობა შეიძლება ითქვას სამუდამო გაუფუჭდა.