CNN: გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული

CNN: გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული

გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალშია ჩაფლული - ასეთი სათაურით ეხმაურება ტელეკომპანია CNN-ი ევროპარლამენტში განვითარებულ კორუფციულ სკანდალს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

სტატიის ავტორი, ლუკ მაკგი (CNN Digital-ის დიდი ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკის რედაქტორი) აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორუფციულმა სკანდალმა ბრიუსელი შეძრა, ბრალდებები არ არის დიდი სიურპრიზი მათთვის, ვინც იცნობს ევროპულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს.

„ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ითმენდა დაუსჯელობის კულტურას. პრაქტიკულად არავითარი ზედამხედველობა ან შედეგები არ არსებობს იმაზე, თუ როგორ ხარჯავენ ევროპარლამენტარები თავიანთ სახსრებს და ჩვენ ამ თანხების ბოროტად გამოყენება ბევრჯერ ვიხილეთ“, - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლას აიოსამ.

ყოფილი ბრიტანელი ევროპარლამენტარი, ბილ ნიუტონ დანი განმარტავს, რომ „როდესაც ევროპარლამენტი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს, საერთაშორისო მედია ძალიან ხშირად იღებს მას, როგორც ევროპის ხმას და ერთობლივად, ევროპარლამენტის წევრების ხმებს წონა აქვს“.

„ალბათ გარკვეული დრო გავა, ვიდრე გავიგებთ ზუსტად რა მოხდა და დაირღვა თუ არა ლობირების წესები. თუ საჭიროა რეფორმების გატარება, პროცესი უდავოდ მტკივნეული და შრომატევადი იქნება. თუმცა, აქტივისტებს, რომლებიც წლებია ანტიკორუფციული რეფორმებისკენ უბიძგებენ, შეუძლიათ მცირე შვება მიიღონ იმით, რომ ეს სკანდალი ზუსტად შესაფერის მომენტში გასკდა, რათა მაქსიმალური გაშუქება მიეღო“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.