ანაკლიის პორტთან მიმართებით, წესით, უნდა დასრულდეს სპეკულაციები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურმე გამიზნულად ჩაძირა ანაკლიის პროექტი, რათა რუსეთის გული მოეგო.
სულ ახლახანს საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პროექტს ისევ მიუბრუნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება. როგორც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე კი გამოცხადდება კონკურსი და შეირჩევა პარტნიორი კომპანიები.
პრემიერი ანაკლიის პორტში მამუკა ხაზარაძის ნაკვალევსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, მტვრის ბუდედ გადაქცეული.
ირაკლი ღარიბაშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, მისი პირველი პრემიერობის დროს, პირადად იგი ყველა ტრიბუნას იყენებდა ამ პორტის ასაშენებლად, მათ შორის, გაეროს ტრიბუნასაც. რაც შეეხება ხაზარაძესა და მის პარტნიორ ჯაფარიძეს, პრემიერის თქმით, მათ სამი მილიონი აქვთ დახარჯული ამ პროექტზე, დანარჩენი თანხები, 20-25 მილიონი ინვესტორებისგან მოიზიდეს, სანაცვლოდ ითხოვდნენ მთავრობისგან ტვირთების გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან მიწის გადაცემის შემდეგ კი ითხოვდნენ გზების, რკინიგზის მიყვანას, ანუ ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. თუმცა ხაზარაძემ ეს საჩუქარი ვერ დააფასა, 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა. შემდეგ კი საკუთარ ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლა და დღეს ედავება 1,5 მილიარდ დოლარს. პრემიერის შეფასებით, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა.
მიუხედავად იმისა, რომ წლები დაიკარგა, უკრაინის ომის ფონზე რა პერსპექტივა აქვს ანაკლიის პორტს და მოხერხდება თუ არა რუსეთის დაყოლიება ამ პროექტთან მიმართებით?!
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ჩინელები იყვნენ დაინტერესებულნი ანაკლიის პორტის პროექტით, რადგან ეს მათი ერთი სარტყლის გეოეკონომიკური პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი არეალია.
„მიმაჩნია, რომ, მაღალი ალბათობით, ამ ტენდერში ჩინური კორპორაცია მიიღებს მონაწილეობას და ჩინელების ინტერესი იქნება ამ პროექტის განვითარებაში. ჩინეთს რომ ჰქონდა ანაკლიის მიმართ დიდი ინტერესი, მე ამის შესახებ უშუალოდ ვიცოდი, იყო ამერიკელებთან საკმაოდ სერიოზული კონკურენცია, დაპირისპირება ამ მხრივ, იმ პერიოდში საქართველოს მთავრობა ვერ გაერკვა, ვის წისქვილზე დაესხა წყალი. ჯერ ფსონი ამერიკელებზე დადეს, მერე ჩინელების ზეწოლის შედეგად ამერიკელებს უარი უთხრეს, როგორც ჩანს, ახლა ისევ ჩინელებზეა საუბარი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, -აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ჩინეთს სერიოზული ამბიციები აქვს, რათა მოახდინოს ანაკლიის პროექტის სრული განვითარება. მით უმეტეს, როცა უკვე გაჭრილია საშუალო, შუალედური კორიდორი, ანუ ყაზახეთი-აქტაუდან ბაქო-თბილისი-ფოთის მიმართულება, ამ პროექტში ჯდება უკვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ანალიტიკოსის აზრით, არც ისაა შემთხვევითი, რომ ჩინელებმა იმ პროექტის განხორციელებაც დაიწყეს, რომელიც ითვალისწინებს თბილისი-ბათუმის ჰაივეის რეაბილიტაციას.
ვახტანგ მაისაია მიესალმება, რომ ანაკლიის პორტთან მიმართებით ჩვენმა სახელმწიფომ დაიტოვა 51%-იანი წილი. როგორც ჩანს, სახელმწიფო იქნება ერთგვარი გარანტორი ანაკლიის პორტის განხორციელებაში. ანალიტიკოსის განმარტებით, ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ნომერ პირველი გეოეკონომიკური პარტნიორი, ვიდრე ამერიკა და ევროკავშირი, ჩინეთთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთხელშეკრულება გაფორმებული, ჩინეთი არის პირველი ქვეყანა საგარეო ინვესტიციების ჩადების მხრივ, საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოდის სწორედ ჩინეთზე, როგორც სერიოზულ მოთამაშეზე.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შეფასებისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესი. ანაკლიის პორტის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ აბრეშუმის გზა საქართველოს პორტის გავლით პირდაპირ ევროპასთან დაკავშირდეს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს წონას, მნიშვნელობას პოლიტიკურადაც გაზრდის. საქართველო გახდება ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, ერთ-ერთი ჰაბი, ყელი, რომ აბრეშუმის გზა ეფექტურად ამუშავდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის უსაფრთხოების გარანტიები გაცილებით მეტი იქნება. სახელმწიფოს ინტერესიც აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მნიშვნელობა და წონა გაიზარდოს.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძემ გააკეთა აფიორა, მან ამ პროექტის განხორციელება იკისრა, თავის თავზე აიღო, მაგრამ ყვარყვარესავით გამოუვიდა. ყვარყვარეც ხიდის აშენებას აპირებდა, ფული აიღო, არ გააკეთა და მერე დასაჭერად დასდევდნენ.
„ხაზარაძეს ფული არ აუღია, რადგან ფიქრობდა, რომ ამ ფულს ინვესტორებისგან მოიზიდავდა, ეს არ გამოუვიდა. რადგან თვითონ ვერ შეძლო ამ საქმის თავმობმა, სახელმწიფოს სთხოვდა გარანტორობას. ანუ უცხოელი ინვესტორები რომ დაეინტერესებინა, ხაზარაძე ცდილობდა, სახელმწიფო დადგომოდა გარანტად. ეს კი ნიშნავს, თუ ხაზარაძე ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, ფულის გადახდა მოუწევდა ჩვენს ქვეყანას, ანუ რისკების დაზღვევა სახელმწიფოს მოუწევდა. ასეთი სცენარი გამორიცხული იყო, რადგან ეს იყო კერძო ინიციატივით განხორციელებული პროექტი და პასუხისმგებლობას იღებდა ინვესტორი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარანტორად და რისკების დამზღვევად ვერ გამოვიდოდა. ეს ცალსახად იქნებოდა ზარალი და მნიშვნელოვანი ხარვეზი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის აზრით, თავისთავად, ეს პროექტი რომ შედგეს, საჭიროა დიდი მოთამაშეების კონსენსუსი. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აქ რუსეთის ინტერესებიც არის, შეერთებული შტატებისაც, ჩინეთისაც, სავარაუდოდ, თურქეთისაც და კიდევ რამდენიმე ქვეყნისაც, რომელიც დაკავშირებულია აბრეშუმის გზის ფუნქციონირებასთან.
ეს ნიშნავს, რომ აბრეშუმის გზის კლიტის გასაღები საქართველოს ხელშია. აქ შუა დერეფანზეა საუბარი, ვინაიდან რუსეთის გზა დაკეტილია და ყველაზე მოკლე გზა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის საქართველოზე გადის.
„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ანაკლიის პორტმა. არაფერი გარანტირებული არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საქართველო თავისას უნდა ეცადოს. ცხადია, ამ პორტის ამუშავებით რუსეთი გაღიზიანდება, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთს სხვა გამოსავალი არც აქვს. რუსული გემების შესვლა დაბლოკილია, ამჟამად ნავთობზე ზედა ზღვარიც დაწესდა და რუსეთს მოუწევს შუამავალი ქვეყნების მეშვეობით კონტაქტების განხორციელება თურქეთთან მიმართებით, რომელიც უნდა გახდეს რუსული გაზის ჰაბი. რუსეთმა უნდა მოახერხოს, ეს გაზი ევროპაში გაყიდოს. თურქეთი ამას თანხმდება, თურქეთი არა მარტო გაზის ჰაბი ხდება, არამედ ერთ-ერთი გამტარი რუსული ტვირთბრუნვის ევროპასა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ უკრაინის ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა და, თუკი რუსეთი ანაკლიის პორტის სასტიკი წინააღმდეგი იყო, დღეს მისი პოზიცია ბევრად შერბილებულია, რადგან შეუძლია, ეს პორტი თავისი ინტერესებითაც გამოიყენოს. პლუს, ამას ემატება ელექტროსადენების კაბელი, რაც საქართველოს გავლით შავ ზღვაში ჩაიდება და გააუმჯობესებს ჩვენს როლს.