სკალონი:

სკალონი: "მესიზე სალაპარაკო აღარაფერია, ისტორიაში საუკეთესოა"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ხორვატიასთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამ მომენტზე ყოველთვის ოცნებობდა. სკალონიმ ასევე ილაპარაკა ლიონელ მესის შესახებ და აღნიშნა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

„ძნელია ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა. როგორც არგენტინელი, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ემოციური მომენტია და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც დაუვიწყარია. ჩვენ ისტორიას ვწერთ. ვზეიმობთ, ეს არის რაღაც ემოციური, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. ზეიმის დროა, თუმცა, უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ნებისმიერი არგენტინელისთვის საოცნებო ადგილას ვარ. როდესაც საუდის არაბეთთან წავაგეთ, ხალხი ჩვენს გვერდით იყო, ყველას თანადგომას ვგრძნობდით და ეს დიდებულია. ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ, ყველანი „ალბისელესტეს“ გულშემატკივრები ვართ.

მესი? ზოგჯერ შეიძლება ჩანდეს, რომ ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობთ, რომ არგენტინელები ვართ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა. ყოველთვის, როცა თამაშობს, თანაგუნდელებისთვის მოტივაციის უდიდესი წყაროა. მისი ყოლა პრივილეგიაა, მესის შესახებ მეტი სათქმელი აღარაფერია“, - აღნიშნა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ფინალში 18 დეკემბერს ითამაშებს, მეტოქე კი საფრანგეთის ან მაროკოს ნაკრები იქნება.