თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დავითგარეჯას საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში ბრალდების მხარეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ჰყავს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია როდის მისცემენ ჩვენებას საქმის მთავარი ფიგურანტები.
დავითგარეჯას საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურის მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რასაც, ვინც საქმის დეტალები იცის, მარტივად მიხვდება. მისი თქმით, ამ მოწმემ დაადასტურა შემდეგი, რომ 1996 წელს ალბომი, რომელიც შედგა და სხვადასხვა ნორმატიულ მასალაზე იყო დამყარებული, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ის ინფორმაცია, რაც საქართველოს ინტერესების სასარგებლო იყო.
„შეგახსენებთ, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე, მათ შორის ჩიჩხიტურის მიმდებარედ, 2006 წელს, ბრალდებულები 1996 წელს შედგენილი დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდნენ და აბსოლუტურად სხვანაირად გაავლეს იქ საზღვარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მოწმემ ისაუბრა და რაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ყურადღების მიღმა დარჩა დაცვის მხარეს, არის ის, რომ ის რუკები, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, თითქოსდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ამ რუკებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებდნენ 1996 წელს, როდესაც ეს იყო საქართველოს სასარგებლო ტერიტორიულ ნაწილშიც და მით უმეტეს ისტორიულ ნაწილში და ა.შ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ამ მოწმის ჩვენება, რომელიც ძალიან ბევრ დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიება ახლა სასამართლოში გრძელდება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, ირაკლი შოთაძის უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ახალი კარტოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ 2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გამყოფად აღებული ტერიტორიები სრულ ცდომილებაშია ობიექტურ რეალობასთან. სწორედ ამ წლებში მოხდა მთლიანად საზღვრის გამრუდება.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, დავითგარეჯას საქმე პოლიტიკურად მგრძნობიარეა აზერბაიჯანთან მიმართებაში და შესაბამისად, ამ საკითხის აქტუალიზაცია პოლიტიკური თემაა და სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ახალი გაღიზიანებისა და გამწვავების პუნქტი გამორიცხოს აზერბაიჯანთან, მოელაპარაკოს რაღაცა კომპრომისებით და არასაჯარო მოლაპარაკების გზით მიაღწიოს თავისთვის მისაღებ შედეგს.
„ვფიქრობ, ხელისუფლება ერიდება ამ საკითხის იმგვარად აქტუალიზაციას, რომ სააკაშვილს წაუყენონ ბრალი და ამან საზოგადოებრივი აზრის ხელახალი აღშფოთება გამოიწვიოს. ამ თვალსაზრისით, ეს ხდება პროკურატურის სიზარმაცის გამო. რა თქმა უნდა, პროკურატურას ყველაფერი აქვს და ჩვენც ყველაფერი გვახსოვს. ვიცით სააკაშვილის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და არასახელმწიფოებრივი განცხადება, რომ მან ეს სიმაღლეები იმიტომ დაუთმო აზერბაიჯანს, რომ ამას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის.
რა სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ სიმააღლეებს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, თუ დაპირისპირება არ მოხდა საქართველოსთან, რადგან სხვა სახელმწიფოს ეს სიმაღლეები არ ესაზღვრება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ აზრბაიჯანთან დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ეს განცხადება ხომ არსებობს. ცხადია, ეს ყველაფერი დევს პროკურატურაში თავისი მტკიცებულებით, მაგრამ მისი აქტუალიზაცია არ ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, ის, რომ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, ამას ლოგიკა გვკარნახობს.
„ასეთი დაბალი დონის ჩინოვნიკები, როგორიც არიან მელაშვილი და ილიჩოვა, თავისი ნებით ვერ მიიღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, უნდა ყოფილიყვნენ ზემდგომები. ვერც მინისტრის მოადგილე და ვერც მარტო მინისტრი მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო სააკაშვილის თანხმბოთ და პირდაპირი მითითებით. აქიდან გამომდინარე, მესმოდა, რომ სააკაშვილის ამ საქმეში არჩართვა იმიტომ ხდებოდა, რომ უფრო და უფრო მეტი დეტალი გამოკვეთილიყო, უნდა ყოფილიყო პირდაპირი მტკიცებულებები. სააკაშვილის მდგომარეობის დელიკატურობიდან და იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომელიც ამ ფიგურის გარშეა ახლა, ახალი ბრალეულობის მისთვის წაყენება, რომელსაც არ ექნებოდა სერიოზული არგუმენტაცია, არ იქნებოდა სწორი, მე ასე მგონია“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
როგორც არეშიძე აცხადებს, იმ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა, როცა დადგინდება მისი ავთენტურობა, მათ შორის ის, რამდენად კანონიერად არის მოპოვებული, უნდა გამოიკვეთოს საქართველოს ხელისუფლების და იმ პერიოდში კონკრეტული ჩინოვნიკების დანაშაული.
„ვგულისხმობ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა 2006 წელს და, რომლის შედეგსაც დღეს ვიმკით. ამის მერე შეიძლება სააკაშვილსაც დაუსვან კითხვები. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები არიან სხვა ტიპის მოწმეები, კერძოდ, ამ საქმესთან ურთიერთობის მქონე ადამიანები.
სალომე ზურაბიშვილი სასამართლოზე მიწვეულია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. მართალია, იმ პერიოდში რომელზეც მაქვს ლაპარაკი, მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იყო, მაგრამ მანადე იყო ზურაბიშვილი, რომელმაც იცის, როგორ მიდიოდა კომისიის მუშაობა. სხვებიც ანალოგიურად, ირიბი მოწმეები არიან. უშუალოდ საქმეში ჩართულ მაღალჩინოსანს, რომელიც შეიძლება იყოს მოწმე, ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.