მთავრობა ენერგეტიკული მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას აპირებს და დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელმაც ქვეყანა მოსალოდნელი ენერგოდეფიციტისგან უნდა იხსნას. ამისათვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლოსთვის ჯამში 1500 მეგავატის პროექტებზე გეგმავს აუქციონის გამოცხადებას. თუმცა, ერთია გეგმები და პროექტები და მეორე მისი განხორციელება. ქვეყანაში ლამის, ყველანაირ ენერგოობიექტის მშენებლობას მოსახლეობა აგრესიულად ეწინააღმდეგება.
ჯერჯერობით ხელისუფლება იმდიანადაა განწყობილი. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, დამატებით სიმძლავრეებზე აუქციონების გამოცხადება 2023 წელსაც იგეგმება.
„ბოლო პერიოდში ჰესებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჰესების მშენებლობა, ბოლო ხუთი წელი, გაჩერებული იყო. ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები გვქონდა და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. ახლა 800 მეგავატამდე პროექტებია დაგროვებული, რომლებიც გაეშვება აუქციონის ფორმით. მათზე გაფორმებული იყო PPA შეთანხმება, თუმცა მთავრობის მხრიდან შეჩერებული იყო.
800 მეგავატამდე ჰესის აშენებაზე, სავარაუდოდ, მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. 2023 წელს კიდევ გამოვიტანთ დამატებით მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროსადგურებზე, ასევე ქარისა და მზის სადგურებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა - სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი. პირველი აუქციონის ჩატარება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ახალი სქემით მთავრობა პერიოდულად გამოაცხადებს აუქციონს გარკვეულ სიმძლავრეზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ინვესტორები. მონაწილეობის წინაპირობა იქნება წინასწარ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, აუქციონში მონაწილეობის მიღების საფასური და საბანკო გარანტია.
ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ ქვეყანაში 320 მდინარე იძლევა შესაძლებლობას, რომ განხილული იყოს ჰესის მშენებლობის ადგილად, რომლის ენერგეტიკული მიზაშეწონილობაც ეჭვს არ იწვევს.
„ამბობენ, 26 ათასი მდინარე გვაქვსო. ქვეყნის ჩამონათვალში კი არის, მაგრამ მათგან 320 არის ისეთი მდინარე, რომლის ენერგეტიკული მიზაშეწონილობა ეჭვს არ იწვევს და შესაძებელია მასზე ჰიდრონაგებობის აშენება.
ახალი პროგრამა თუ დიდ ჰესებს არ მოიცავს, ისე 1500 მგვტ-ს ვერ შევაგროვებთ. ჩვენ სამივე მიმართულებით – მცირე, საშუალო და დიდი ჰესების კუთხით უნდა ვიმუშავოთ. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რასაც სახელმწიფო გვპირდება და ამბობს კიდეც, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ და 15 წლის განმავლობაში ფასთა სახვაობაც ანაზღაურდება“, - განაცხადა ანზორ ჭითანავამ.
მოსახლეობა ქვეყანაში პატარა ჰესების მშენებლობასაც კი აპროტესტებს და ამის ნათელი მაგალითი 2019 წელია, როდესაც პანკისის ხეობაში მოსახლეობამ პროტესტი მოაწყო და ვითარება მხოლოდ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ გამოსწორდა. დიდ ჰესს უფრო დიდი პოტესტი ახლავს თან, რისი ყველაზე კარგ მაგალითად „ნამოხვანის“ დასახელება შეიძლება.
სწორედ ამაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას განახლებადი ენერგიების ასოციაცია, რომელიც კახეთში მშენებარე ჰესის პროექტს ეხმაურება, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანია „დეკას“ შვილობილი კომპანია აშენებს. ასოციაციის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესი სრულად გაიარა, რის შედეგადაც 2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა. პროექტით სოფელ ლაფანყურში 5.9 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარს შეადგენს.
„ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეფერხების/შეჩერების მიზნით ფაქტებით მანიპულირებისა და ცილისწამების შემთხვევები სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია უკვე ორი წელია, აკვირდება ლოპოტა ჰესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესსა და გამოთქმული პრეტენზიების რელევანტურობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ, რომ ასოციაცია სრულად უჭერს მხარს ლოპოტაჰესის მშენებელ კომპანიას მის საქმიანობასა და უფლებების დაცვაში.
გვსურს ასევე, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობის სისტემატურმა შეფერხებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და შეანელოს ენერგეტიკის განვითარება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ამჟამინდელ რთულ ხანაში.
სამწუხაროდ, სადღეისოდ საქართველო მზარდი ენერგოდეფიციტის პრობლემის წინაშეა და ამ ფონზე საკუთარი ენერგეტიკული რესურსების არგამოყენებამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 2021 წელს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 17% იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოსადგურებით დაკმაყოფილდა, ხოლო 15% - მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით. აღნიშნულ პირობებში, მით უფრო მიმდინარე გეოპოლიტუკური მოვლენებისა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად დაუშვებელია საკუთარი განახლებადი, მწვანე ენერგიის რესურსის ათვისებაზე უარის თქმა“, - წერია ასოციაციის განცხადებაში.
ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. 2022 წლის 9 დეკემბერსაც მათ მშენებელ კომპანიას ადგილზე ტექნიკის მიყვანის საშუალება არ მისცეს.