ესპანური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ტიტემ დატოვა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთ ვარიანტად პეპ გვარდიოლასაც განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს უახლოეს დღეებში გვარდიოლას დაუკავშირდეს და მასთან სხვადასხვა დეტალებზე ისაუბროს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ,,მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი სულ რამდენიმე დღის წინ გაახანგრძლივა.
ტრადიციულად, ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ბრაზილიელი მწვრთნელები ინიშნებიან, ამიტომაც ,,სელესაოს" ჩაბარების კანდიდატებად ,,ფლუმინენსეს" მწვრთნელი ფერნანდო დინიზი, ,,გრემიოს" თავკაცი რენატუ პორტალუპი და ,,სან პაოლოს" ლეგენდარული მეკარე და ამჟამად მწვრთნელი, როჟერიო სენი განიხილებიან. ამის მიუხედავად, კიდევ ერთი წარუმატებლობის გათვალისწინებით, რომელიც ტიტეს გადახდა თავს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ევროპელი მწვრთნელის დანიშვნის შესაძლებლობასაც გაითვალისწინებს.
ბრაზილიის ნაკრებმა კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა, მერვედფინალში სამხრეთ კორეასაც ლამაზი ფეხბურთით მოუგო, თუმცა 1/4 ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ბარიერი ვეღარ დაძლია და ტურნირს დაემშვიდობა.