ნოპერტი:

ნოპერტი: "ალბათ ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩი იყო, მეეჭვება ახალმა მწვრთნელმა გამომიძახოს"

ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ანდრიეს ნოპერტმა არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ალბათ მან ეროვნულ ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშა.

„ჰერენვენის“ 28 წლის კიპერი ფიქრობს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სავარაუდოდ, მას ნაკრებში აღარ გამოიძახებს.

„ალბათ, არგენტინასთან ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო. ეს იყო ჩემი პირველი ფიქრები მატჩის შემდეგ. ეს არ არის უცნაური იქიდან გამომდინარე, საიდანაც მოვდივარ. ბავშვობაში ვოცნებობდი მსგავსი მომენტების განცდაზე, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემს ოცნებას უფრო და უფრო ვშორდებოდი. მადლობელი ვარ ვან გაალის, მან ჩემი ოცნება აახდინა. სხვა მწვრთნელთან ერთად ალბათ, ეს შანსი არ მექნებოდა“, - თქვა ნოპერტმა.

აღსანიშნავია, რომ ანდრიეს ნოპერტს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ნიდერლანდების ნაკრებში ნათამაშები არ ჰქონდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ლუის ვან გაალმა მუნდიალზე პირველ მეკარედ ის აირჩია და ნოპერტმა ხუთივე შეხვედრაში ითამაშა. მეტჯერ მას ნიდერლანდების ნაკრების მაისური არც მოურგია.

ნოპერტი „ჰერენვენში“ მიმდინარე ზაფხულიდან თამაშობს, მანამდე „იგლზის“, „ბრედასა“ და „დორტდეხტის“ წევრი იყო, ხოლო სულ რაღაც 2 წლის წინ, 2019-2020 წლების სეზონში იტალიის სერია B-ს კლუბში, „ფოჯაში“ თამაშობდა და მისი ნიდერლანდების ნაკრებში მოხვედრა მაშინ წარმოუდგენელიც იყო. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ აქამდე არაფრით გამორჩეული კარიერა ჰქონდა, ნოპერტს არ სჯერა, რომ ლუის ვან გაალის წასვლის შემდეგ სხვა მწვრთნელი მას ნაკრებში გამოიძახებს.