"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებასა და მასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
როგორც La Repubblica წერს, ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კვარას აგენტებს შეხვდა და მათთან ამ საკითხზე ისაუბრა.
„ჯუნტოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ვახშამზე კვარაცხელიას აგენტებთან ისაუბრა, რათა რეაგირება მოახდინოს პოტენციურ სირენებზე, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ქართველ ტალანტთან მიმართებაში ისმის. კვარა წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს იღებს, „ნაპოლი“ მზად არის გაზარდოს მისი ხელფასი შესაძლო პრეტენდენტების მოსაშორებლად. „ნაპოლისგან“ ეს საჭირო ნაბიჯებია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში კვარამ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.