უცხოური ინვესტიციების რაოდენობა იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ დიდი ალბათობით, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. არ არის გამორიცხული, ისტორიული რეკორდიც კი დამყარდეს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველი სამი კვატალის შედეგები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
„საქსტატმა“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში 745 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია. რაც შეეხება მთლიანად 9 თვის შედეგებს, უცხოური კაპიტალის მოცულობა 1.67 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 101%-ით მეტია.
მესამე კვარტალში 745 მილიონი დოლარიდან 446 მილიონი რეინვესტიციებზე მოდიოდა, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები 226 მილიონი დოლარი იყო, ხოლო სავალო ვალდებულებები 72.4 მილიონი დოლარი იყო.
მესამე კვარტალში ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი რაოდენობის 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
ინვესტიციების სტატისტიკის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ესპანეთიდან ინვესტიციები, ძირითადად, უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.
„ესპანეთიდან ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ეს არის ძირითადად საფინანსო სექტორი. ირლანდიას რაც შეეხება, ეს არის აზარტული თამაშების სფეროს ინვესტიციები. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერირებასთან დაკავშირებით ინვესტიციების ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ სესხის აღებით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებენ სპეციალისტები. თსუ-ს ეკონომიკისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ოთარ ანგურიძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი მატება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა, ხელისუფლებისგან მომდინარე გზავნილები კი ინვესტორების შემოდინებას უწყობს ხელს.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის გამოხატულება იმისა, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მეორე მხრივ კი, ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში კარგი გზავნილები წამოვიდა, რაც ხელს უწყობს ინვესტორების შემოდინებას“, - განაცხადა ანგურიძემ.
დადებითია სამომავლო პროგნოზიც.
„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, 2023 წელი ინვესტიციების განხორციელების კუთხით აქტიური იქნება. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით გარკვეული სიფრთხილე არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინვესტიციო აქტივობა უკვე მაინც შეინიშნება.
„2023 წელი ინვესტიციების კუთხით აქტიური იქნება, ეკონომიკური ზრდისთვის ნაკლებად აქტიური. ისე ხდება, რომ ჯერ ეკონომიკის ზრდა გვაქვს, რადგან ჯერ ბიზნესს გაყიდვები უნდა გაეზარდოს და მერე ფიქრობს ბიზნესი ახალი საწარმო ხაზების დამატებას. მაგალითად, გარკვეულ ბიზნესს თუ შეუძლია 100 ერთეული პროდუქცია გამოუშვას და უშვებს 70-ს, როდესაც ის თავის პოტენციურ დონეს უახლოვდება, მერე უკვე ახალ ინვესტიციებზე ფიქრობს“, - განაცახა ნადარაიამ.
2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ აშშ დოლარით (19.2 პროცენტი).