ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ნეიმარის რეკორდის გამეორებას სოციალურ ქსელში ვრცელი წერილით გამოეხმაურა.
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლებით (77) პელეს გაუთანაბრდა და ფეხბურთის მეფემაც მას ეს ამბავი მიულოცა.
„ვხედავდი, როგორ იზრდებოდი, ყოველდღე გგულშემატკივრობდი და ბოლოს და ბოლოს, შემიძლია მოგილოცო ჩემთან გოლების რაოდენობით გათანაბრება. ორივემ ვიცით, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რიცხვი. ჩვენი, როგორც სპორტსმენების უდიდესი მოვალეობაა ინსპირაცია. ვიყოთ შთაგონება მომავალი თაობების და უპირველეს ყოვლისა შთავაგონოთ ყველას, ვისაც ჩვენი სპორტი უყვარს.
სამწუხაროდ, ეს დღე ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი არ არის, მაგრამ შენ ყოველთვის იქნები შთაგონების წყარო, რომლისკენაც ბევრი ისწრაფვის. მივხვდი, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ჩვენი მემკვიდრეობა. ჩემი რეკორდი თითქმის 50 წლის წინ დამყარდა და აქამდე მას ვერავინ მიუახლოვდა. ეს შენ მოახერხე, ბიჭო. ეს მიანიშნებს შენი მიღწევის სიდიადეს.
თუმცა, შენ იცი, როგორც მე, რომ არცერთი რიცხვი არ არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის თამაშის სიხარული. 82 წლის ვარ და ამდენი ხნის შემდეგ იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად შთაგონების წყარო ვარ. უფრო მეტიც, ვიმედოვნებ, რომ ახლა შენი მიღწევა მილიონობით ადამიანისთვის გახდება ინსპირაცია, რათა მოახერხოს ის, რაც შეუძლებლად გამოიყურება“, - დაწერა პელემ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 77 გოლი 2010 წლიდან დღემდე და 124 მატჩში გაიტანა, ხოლო პელემ ამის გაკეთება 1957-1971 წლებში 92 შეხვედრაში მოახერხა.