საწვავის საგრძნობი გაიაფება დაწყებულია და მთელი დეკემბერი გაგრძელდება

საწვავის საგრძნობი გაიაფება დაწყებულია და მთელი დეკემბერი გაგრძელდება

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებამ არა მარტო მათი პროდუქცია გააიაფა, არამედ გლობალურად შეცვალა ვითარება. ბოლო რამდენიმე დღეა საერთაშორისო ბირჟებზე სწრაფად იკლებს შავი ოქროს ღირებულება. ასეთ ვითარებაში გაიაფებაა მოსალოდნელი საქართველოს საცალო ბაზარზე. ბენზინის ფასმა შემცირება უკვე დაიწყო და ტენდენცია მინიმუმ მთელი დეკემბერი გასტანს.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ღირებულების მკვეთრი ვარდნა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, 1 ბარელი „ურალსის“ ფასი კიდევ 4.2%-ით დაეცა და 55 დოლარამდე ჩამოვიდა. მკვეთრი შემცირების ტენდენციაა საერთაშორისო ბირჟებზეც, სადაც 1 ბარელი „ბრენტის“ ღირებულება 77 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკული მსუბუქი ტიპის ნავთობის ფასი კი 72 დოლარს გაუტოლდა.

ჯერ კიდევ, სანამ ევროკავშირი რუსეთს ემბრაგოს დაუწესებდა, 1 ბარელი რუსული ნავთობი 69 დოლარი ღირდა. ახლა ევროპა 60 დოლარზე მეტის გადახდას არ აპირებს, სავარაუდოდ, არც სხვა შეიძენს ამაზე ძვირად, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე უკვე აღარ არის დარჩენილი ისეთი მყიდველი, რომელსაც „ურალსში“ 60 დოლარზე მეტის გადახდა სურდეს. ამიტომ დიდი ალბათობით, ახლო მომავალში რუსეთიდან შემოტანილ საწვავზე, განსაკუთრებით ბენზინზე, საქართველოში ფასი უნდა შემცირდეს. მცირე ავტოგასამათრ სადგურებზე ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 1 ლიტრი „რეგულარის“ ღირებულება უკვე 2,40-2,45 ლარის ფარგლებშია.

„გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება და არსებული ვითარების გათვალისწინებით, დეკემბერშიც ასე გაგრძელდება.

„ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე, ფაქტობრივად, ყველგან ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე „რეგულარის“ ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე, საბითუმო ბაზარზეც ფასები საკმაოდ დაკლებულია. ლოგიკურად, დეკემბერში ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც ჩანს, საწვავის გაიაფება მართლაც გარდაუვალია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ადასტურებს, რომ ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ახლა ძნელი საპროგნოზოა, თუ რამდენით დაიკლებს ფასი, მაგრამ ცვლილება აუცილებლად მოსალოდნელია.

„გლობალურ ბაზრებზე და საქართველოშიც საწვავის გაიაფების ტენდენცია თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მოცემულობა არც ახლო მომავალში შეიცვლება და საწვავის ფასი ეტაპობრივად გააგრძელებს კლებას. ის ზღვარი რაც დაუწესეს რუსეთს, დიდ ცვლილებას გამოიწვევს.

თავისი გადაწყვეტილებით ევროპამ არა მარტო რუსეთს დაუქნია თითი, დიდი სანავთობო ქვეყნებიც იძულებული გახადა, იმოქმედონ. ისეთი მსხვილი მოთამაშე, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ბაზრებზე 60 დოლარზე მეტი ფასით ვერ შევა. პარალელურად სხვებიც მიხვდებიან, რომ ფასი უნდა გაათანაბრონ. წინააღდმეგ შემთხვევაში, ნავთობპროდუქტებს ვერ გაყიდიან.

ქართული კომპანიები და მომხმარებლებიც საბოლოოდ მოგებული დარჩებიან. ცხადია, გაძვირება არც ერთი კომპანიის ინტერესში არ არის, რაც შეღავათიანი ფასია, მით უკეთესი რეალიზაციაა და შესაბამისად, ბიზნესსაც მეტი მოგება რჩება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.