სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადება SPS (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. დაავადებულებს ხშირად "ქანდაკებებადაც" მოიხსენიებენ, რადგან სიმპტომები თანდათან პროგრესირებს და ბოლოს ადამიანს სიარული და ლაპარაკი აღარ შეუძლია.

SPS-ის დიაგნოზს მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს უსვამენ. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შეიძლება. ამ ამბის შესახებ სელინ დიონმა გულშემატკივრებს ვიდეოთი შეატყობინა და აღნიშნა, რომ სიმპტომების შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს.

"დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. სირთულეებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე, ძალიან გამიჭირდა. ახლახან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა", — განაცხადა სელინ დიონმა.

მომღერალმა გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ თებერვალში დაგეგმილი ევროპის ტურნე უქმდება. ის ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა და მისი თქმით, ოჯახი ამ რთულ პერიოდში გვერდში უდგას.