ბანკები 2023 წლიდან საგადასახადო შეღავათს ელოდებოდნენ და პირიქით, გადასახადის გაზრდა მიიღეს. ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც მათთვის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, საერთოდ გაუუქმეს. პარალელურად კი მოგების დასაბეგრი განაკვეთიც გაუზარდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. შესაბამისად, ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ. მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებულ სისტემა და 15%-ის ნაცვლად, 20%-ს გადაიხდიან. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
„ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ჩვენ გვქონდა განხილვები და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა ვაცნობო საზოგადოებას, მათ შორის, საბანკო სექტორს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, რადგან გაუმართლებელია, რომ ბანკებს ამხელა მოგება აქვთ. 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს.
ამას გარდა, ჩვენი გადაწყვეტილებით და ინიციატივით პარლამენტს მივმართავთ და მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის მოსაზრებას სრულად იზიარებენ მინისტრებიც. მათი აზრითაც, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს მოდელი ხელშემწყობი მექანიზმია და ის საქართველოს საბანკო სისტემას ამგვარი დახმარება ნამდვილად არ სჭირდება.
„ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია მაშინ, როცა ესტონური მოდელი, ძირითადად, საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება ამის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო კავშირი არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. ამ მოდელით რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. თუმცა, ეს არ ეხებოდა ბანკებს, რომელთა შემთხვევაშიც აღნიშნული მოდელი 2023 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი არ ეთანხმება მთავრობის ამ გადაწვეტილებას. მისი აზრით, ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური და იმავდროულად, საპროცენტო განაკვეთების ზრდის რისკიც ახლავს.
„ეს უფრო პოპულისტური განცხადებაა, ვითომ ბანკებს მაღალი მოგება აქვთ და ეს მაღალი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. არავის დაუნიშნავს პრემიერი იმისთვის, რომ მოგების ნორმები აკონტროლოს. თანაც, გადასახადის გაზრდის უფლება არ აქვს არავის, საქართველოს ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“. ეს შესაძლებელია გამონაკლის, დროებით ნორმად, 3 წლის ვადით. სხვა შემთხვევაში გადასახადები რომ გაიზარდოს, რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და ხალხს უნდა ჰკითხონ, გადასახადები გავზარდოთ თუ არაო.
ახლა რაც შეეხება ეფექტს, გადასახადს უზრდიან და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბანკი ამის გამო მოიკლებს, ან უნდა მოიკლოს მოგება. ის ამოიღებს ამ მოგებას ისევ იქიდან, საიდანაც იღებდა, ანუ საპროცენტო განაკვეთების გაზრდით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოსალოდნელია და ეს პოპულიზმი დარჩება პოპულიზმად“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.