კლინიკა „ვივამედში“ ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის კონკრეტული ნიმუშების ასაღებად, მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი კვლევის ჩატარებას დათანხმდა. უცნობია, როდის იქნება დასკვნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განმარტებით, აღებულ მასალაზე შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს განახორციელებენ.
„რაც გვჭირდებოდა ნიმუშები, ავიღეთ. თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ამ საკითხზე ჩავატარებთ. რაც ჩვენ გვჭირდებოდა ნიმუშის ასაღებად, საწოლში, შესაბამის მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა კაკაშვილმა.
გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.
ამასთან, გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა.
როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.