გასული წელი სხვადასხვა ქვეუნების მთავრობებმა გააცილეს დისკუსიით, საკმარისია თუ არა ეკონომიკის სტიმულირებისათვის გაწეული ზომები და როდის სჯობია მათი დასრულება. 2010 წლის დასაწყისში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ზედაბალი განაკვეთების და ეკონომიკის სტიმულირების პერიოდი დეკემბრისათვის მორჩებოდა. მაგრამ პრობლემები გაცილებით დიდი მასშტაბის აღმოჩნდა და ბევრი წამყვანი ქვეყანა, პირველ რიგში კი აშშ და ევროკავშირი, იძულებული გახდა ეკონომიკის სტიმულირების ახალი პროგრამები აემოქმედებინა.
ეკონომიკების სტიმულირება მიმდინარე, 2011 წელსაც გაგრძელდება. კერძოდ, უკვე ცნობილია, რომ ამერიკელთა მიერ შემუშავებული უპრეცედენტო, 600 მილიარდიანი პროგრამის დიდი ნაწილი 2011 წლის პირველ ნახევარზეა გათვლილი და არც საპროცენტო განაკვეთის გაზრდაა დაგეგმილი. რაც შეეხება ევროკავშირს, გადაწყდა, რომ 2010 წელს შექმნილი 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური სტაბილურობის ფონდის სახსრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაორმაგდება და მუდმივმოქმედიც გახდება.
აზიის მსხვილი ეკონომიკებიც სტიმულირების ზომებს გააგრძელებენ. კერძოდ, 2011 წელს იაპონია 5,05 ტრილიონ იენს (61 მილიარდი დოლარი) დახარჯავს, ჩინეთი კი 4 ტრილიონ იუანს (600 მილიარდი დოლარი).
სტიმულირების გაგრძელების მიზეზი დიდძალი ვალები და ბიუჯეტების დეფიციტის ზრდა გახლავთ. თანაც, როგორც ვარაუდობენ, 2011 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 3,5 პროცენტამდე შემცირდება. ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წელს გატარებული მასშტაბური ზომების მიუხედავადაც ვერ მოხერხდა უმუშევრობის თუნდაც მცირედით შემცირება და კერძო სექტორის ამუშავება.
გაეროს ანალიტიკოსთა მოსაზრებით, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენამ ტემპი დაკარგა. ლიდერი ქვეყნები კი არ თანამშრომლობენ, არამედ მეტოქეობენ, რაც მთელი მსოფლიოსათვის რეცესიის ახალი ტალღის დიდ რისკს განაპირობებს. ექსპერტები თვლიან, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ტემპი 2011 წელს 3,1 პროცენტამდე შემცირდება. უნდა ითქვას, რომ ეს ერთობ ოპტიმისტური პროგნოზია. ცუდი სცენარის მიხედვით კი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი მხოლოდ 1,7 პროცენტი იქნება, ხოლო განვითარებული ქვეყნებისათვის ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 0,1-0,2 პროცენტის ფარგლებშია ნავარაუდევი.
საქმე იმაშია, რომ განვითარებული ქვეყნების სტრუქტურული პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. კვლავ ცუდი მდგომარეობაა უძრავი ქონებისა და სუვერენული ვალების ბაზრებზე. არსებული პროგნოზით, სამუშაო ადგილების კრიზისამდელ ნიშნულამდე აღდგენას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება.
მთავარი გლობალური რისკი კი ევროპის „იაპონიზაციაა“, ანუ, მისი ეკომონიკის ზრდის ტემპის ნულამდე დაცემა. საერთოდ, ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს საფრთხე ყველა განვითარებულ ქვეყანას ემუქრება. მათი აზრით, 2011 წლის ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოსალოდნელია არა რეცესიის მეორე ტალღა, არამედ ღრმა და ხანგრძლივი სტაგნაცია.
განვითარებად ქვეყნებს თითქმის ყველა ექსპერტი ბევრად მყარ პოზიციებს უწინასწარმეტყველებს, თუმცა, მათი ეკონომიკური ზრდის ტემპიც არ იქნება ჩვეულად მაღალი. უნდა ითქვას, რომ მათ წარმატებულ ზრდაში ხელს ისევ და ისევ განვითარებული ქვეყნების სტაგნაცია შეუშლის. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები და ძლიერ არის დამოკიდებული განვიტარებულ სახელმწიფოებში ექსპორტზე, ანუ, იქ არსებულ შიდა მოთხოვნილებაზე.