კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს სამწუხარო ამბავი გაუზიარა: კრიშტიანუსა და მისი პარტნიორის, ჯორჯინა როდრიგესის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა. მანამდე კრიშტიანუმ ფანებს ახარა, რომ ის და ჯორჯინა ტყუპებს უკვე მეორედ ელოდნენ. სამწუხაროდ, ტყუპებიდან ვაჟი გარდაიცვალა, რის შესახებაც წყვილმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.
ახლახან მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ ამ ტრაგედიის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებამ თავის ოჯახზე დიდი გავლენა იქონია.
"ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა, ისევე როგორც მამაჩემის. ისინი აქ არიან, ჩემს სახლში. ეს სწორედ ისაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდა, თან მქონდეს და ოკეანესა თუ ზღვაში არ გადავაგდო", — განაცხადა ფეხბურთელმა.
როცა კრიშტიანუმ ტრაგედიის შესახებ პირველად ისაუბრა, მაშინაც აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი დანაკარგი იყო. "მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენი ახალშობილი ბიჭი გარდაიცვალა. ეს ნებისმიერი მშობლისთვის უდიდესი ტკივილია. მხოლოდ ჩვენი გოგოს დაბადება გვაძლევს ამ მომენტის მცირეოდენი იმედითა და ბედნიერებით გადატანის ძალას", — დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
მიუხედავად ტრაგედიისა, რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში მალევე დაბრუნდა და თამაში გააგრძელა. "როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთი ყოველთვის გრძელდება, თან ძალიან სწრაფად. ყოველთვის ბევრი შეჯიბრია და ეს სპორტის სახეობა არასდროს ჩერდება", — განაცხადა ფეხბურთელმა და დასძინა, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, გუნდი მაინც არ მიატოვა.