ისრაელელი პოპვარსკვლავი ნოა კირელი 2022 წლის MTV EMAs-ზე ორიგინალური კოსტიუმით წარდგა. კირელის სამოსი ამერიკელი რეპერის კანიე ვესტის სახითა და ებრაული სიმბოლიკით, დავითის ვარსკვლავისა და სიცოცხლის ანაგრამის სამკაულებით, იყო გაფორმებული.
ახალგაზრდა მომღერალმა, რომელიც მეექვსე წელია, საუკეთესო ისრაელელ შემსრულებლად სახელდება, კოსტიუმის მნიშვნელობა თავადვე ახსნა და განაცხადა, რომ ღონისძიებაზე საკუთარ სათქმელს სწორედ სამოსით გაუსვა ხაზი.
"მას შემდეგ, რაც კანიემ ანტისემიტური განცხადებები გააკეთა — მე კი ებრაელი ვარ — ვიცოდი, რომ წითელ ხალიჩაზე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა", — აღნიშნავს კირელი, — "როგორც ქალს, ახალგაზრდა ხელოვანსა და ებრაელს, საკუთარი პოზიცია უნდა გამომეხატა".
21 წლის ისრაელელი ვარსკვლავის თქმით, კოსტიუმი მას ტეილორ სვიფტმაც მოუწონა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ღონისძიება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა.
"ჰოლოკოსტისა და მთელი ისტორიის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი სათქმელი მეთქვა და ჩემი კულტურა, ისრაელი წარმომედგინა", — ამატებს კირელი.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებელმა, რომლის სიმღერებიც მის სამშობლოში ჰიტებად იქცა, 2020 წელს ამერიკულ ლეიბლ Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. ამასთან, კირელი ისრაელს 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც წარადგენს გაერთიანებულ სამეფოში.