Disney

Disney "პრინცესას დღიურების" მე-3 ნაწილს იღებს — The Hollywood Reporter

პრინცესას დღიურების გულშემატკივრების სასიხარულოდ, Disney-მ გადაწყვიტა, მია თერმოპოლისის შესახებ მესამე ფილმიც გადაიღოს. როგორც ცნობილია, სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ენ ჰეთეუეი ჯერჯერობით ოფიციალურად ჩართული არაა პროცესში. მიუხედავად ამისა, მსახიობმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფილმის მიმართ, ამიტომ ყველა იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავენ პრინცესა მიას როლში.

"არა მხოლოდ გამიხარდება, არამედ მხარსაც აქტიურად ვუჭერ," — განაცხადა ჰეთეუეიმ. —"თუკი არსებობს შანსი, რომ ჯული ენდრიუსიც ჩავრთოთ ფილმში, ამასაც მოვახერხებდით, თუნდაც იქ წასვლა დაგვჭირვებოდა, სადაც ჯულია."

2001 წელს გადაღებულ პრინცესას დღიურების პირველ ნაწილში ჰეთეუეი მორცხვი, დაბნეული ამერიკელი თინეიჯერის როლს ასრულებდა, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ ევროპაში მდებარე ქვეყნის, ჟენოვიის, პრინცესა და ტახტის მემკვიდრეა. მართალია, ჟენოვია გამოგონილი სახელმწიფოა, მაგრამ ამას მაყურებლისთვის ხელი არ შეუშლია, დამტკბარიყო პრინცესასა და სამეფო კარის წევრების თავგადასავლებით.

ფილმი მეგ ქებოტის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ენთან ერთად მასში მონაწილეობდა ჯული ენდრიუსიც. პირველმა ფილმმა სტუდიოს $165,3 მილიონი მოუტანა, ხოლო მისმა გაგრძელებამ პრინცესას დღიურები: სამეფო ნიშნობა — $134,7 მილიონი.