როგორ ფიქრობთ, რამდენია გონივრული ოდენობის თანხა, რაც შეიძლება, სხვის გამონაცვალ ფეხსაცმელში გადაიხადო? თუ ამაზე ჯერ არ გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ ახლახან სტივ ჯობსის ძველ სანდლებში ვიღაცამ $200 000 გადაიხადა.
სააუქციონო სახლის თქმით, რომელმაც ჯობსის ფეხსაცმელი გაყიდა, ესაა რეკორდული თანხა, რაც კი ოდესმე აუქციონის ისტორიაში ვინმეს სანდლებისთვის გაუღია.
ცოტა ხნის წინ ჯობსის ყავისფერი Birkenstocks-ის ბრენდის სანდლები, რომლის გაყიდვასაც $60 000-ად ვარაუდობდნენ, წარმოუდგენელ ფასად — $218 750-ად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სანდლებს ჯერ კიდევ ეტყობა სტივ ჯობსის ფეხის თითების ანაბეჭდები და შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა მისი არნახული ფასიც.
ფეხსაცმლის გაყიდვამდე კალიფორნიის სააქციო სახლმა, სახელად Julien's Auctions, სანდლების შესახებ განაცხადა, რომ "ხშირად ჩაცმული", თუმცა "გამოსადეგ მდგომარეობაში" იყო. როგორც ცნობილია, სტივ ჯობსი ხშირად ჩნდებოდა ამ სანდლებით 70-იან და 80-იან წლებში.
სანდლების გადარჩენისთვის მყიდველისგან მადლობა მარკ შეფს, სტივ ჯობსის ყოფილ სახლის მენეჯერს, ეკუთვნის. ძველი ნივთების გადარჩევისა და გადაყრის დროს, ეს ფეხსაცმელი სწორედ მან გამოარჩია და შეინახა.
"სტივ ჯობსმა სამყარო შეცვალა არა მხოლოდ თავისი რევოლუციური გამოგონებებით, არამედ თავისი ლიდერობის სტილისა და მოდის დამსახურებითაც, რომელიც სანდლების ჩაცმასაც მოიაზრებდა,"— განაცხადა დარენ ჯულიენმა, Julien's Auctions-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა. —"ეს სანდლები ჯობსს ძალიან უყვარდა და იმ პერიოდში ეცვა, როცა ისტორიასა და Apple-ის კომპიუტერს ქმნიდა. ეს ფეხსაცმელი ტექ-ლეგენდის ჩაცმულობაში ყველაზე სახასიათო და სამახსოვრო ნივთი იყო."
სანდლები Julien's Auctions-ის აუქციონზე, სახელად Icons and Idols: Rock 'n' Roll, გაიყიდა. იქვე შეხვდებოდით ტანსაცმელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და სამკაულებს, რომლებიც უწინ ცნობილ მუსიკოსებსა და პოპკულტურის ისეთ გამოჩენილ სახეებს ეკუთვნოდათ, როგორებიც არიან ელვის პრესლი, კურტ კობეინი და ჯონ ლენონი.