კონტე:

კონტე: "უნდა ვიგრძნო, რომ ვიმსახურებ ამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას"

ინგლისის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში, ლიდსთან საშინაო მატჩამდე, ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელ სპეციალისტს საუბარი მის მოქმედ კონტრაქტზე მოუწია, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულდება.

„კარგად იცით, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელებისთვის ერთ გუნდში ხანგრძლივი პერიოდის გატარება ადვილი არ არის. უფრო ხშირად, სწორედ კლუბის ხელმძღვანელები წყვეტენ ცუდი შედეგების შემდეგ მწვრთნელის გათავისუფლებას. ამ კუთხით ჩვენ ყოველდღიურ საფრთხეში ვართ.

ხანდახან გვიმართლებს, რომ კარგი შედეგები გვაქვს. რთულია იპოვო კლუბი, რომელსაც შენნაირი ამბიციები აქვს, ერთად გაუმჯობესებისა და განვითარების სურვილი. თუ ასეა, თავი ძალიან იღბლიანად ჩათვალეთ. ყველა მწვრთნელი ოცნებობს ასეთ სიტუაციაზე, მაგრამ რეალობა ყოველთვის ასე არ არის.

ჩემი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება. ამ დროისთვის კლუბმა საბოლოო შეფასება უნდა გააკეთოს. უნდა ვიგრძნო, რომ ვიმსახურებ ამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელებთან ვისაუბრებთ და საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ "ტოტენჰემს" 26 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, "მამლები" დღეს საკუთარ სტადიონზე "ლიდსს" შეხვდებიან. მატჩი თბილისი დროით 19:00 საათზე დაიწყება.