თორნიკე შენგელია:

თორნიკე შენგელია: "მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ არის"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა ისლანდიასთან გამარჯვების (88:85) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია და ახლა იტალიასთან გამარჯვებას გეგმავენ.

თორნიკე შენგელია: „ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და მთელი გუნდით. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ მოსულები და რომლებიც ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდნენ. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ეს არ გვაძლევს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის გარანტიას. დარწმუნებული ვარ, იტალიასთან დარბაზი გაივსება და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ“.

გიორგი შერმადინი: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ვულოცავ ჩვენს გუნდს, ქართველ გულშემატკივარს. მადლობა არა მარტო მათ, ვინც ტელევიზორით უყურა ჩვენს თამაშს, არამედ, ვინც დარბაზში იყო. იტალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველას ველოდებით ამ შეხვედრაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ და ერთად გავიხაროთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 მოგებით და 3 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, თბილისში იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.