Stranger Things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი ახლახან მსახიობსა და ტელეწამყვანს, დრიუ ბერიმორს, ესტუმრა გადაცემაში The Drew Barrymore Show და მასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ბრიტნი სპირსის როლის შესრულება სურდა, თუკი მომავალში მომღერალზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებდნენ.
გადაცემის გასვლიდან ძალიან მალე ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე დაწერა, თუ რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით.
"გავიგე, ხალხს ჩემს ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობა უნდა... ხალხო, ჯერ არ მოვმკვდარვარ!"
ბრიტნის მილი ბობი ბრაუნი სახელით არ მოუხსენიებია, თუმცა დიდი ალბათობით მისი პოსტი მილის ამ განცხადებას მოჰყვა:
"მინდა რეალური ადამიანის როლი შევასრულო და, ვფიქრობ, ჩემთვის ეს ადამიანი ბრიტნი სპირსია. მის ისტორიასთან, პირველ რიგში, დიდ კავშირს ვგრძნობ," — უთხრა მილიმ დრიუ ბერიმორს. — "მეც საზოგადოების ყურადღების ცენტრში გავიზარდე, რომ ვუყურებდი ბრიტნის ვიდეოებს, მის ინტერვიუებს, როცა ის ახალგაზრდა იყო... შენზეც იმავეს ვგრძნობ. მართალია, მის ინტერვიუებში მხოლოდ მის სიტყვებს ვისმენ და პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როცა მის სურათებს ვუყურებ, ვფიქრობ, შემიძლია, მისი ამბავი სწორად გადმოვცე."
მილი ბობი ბრაუნი Stranger Things-ში პირველად 12 წლის ასაკში გამოჩნდა და ისევე, როგორც ბრიტნიმ, თინეიჯერობის წლები მანაც საყოველთაო ყურადღებისა ცენტრში გაატარა. ახლახან მილიმ ასევე ენოლა ჰოლმსის როლი შეასრულა ნეტფლიქსის ფილმში და მსახიობობასთან ერთად ამჯერად პროდიუსერობაც მოსინჯა.
თავად ბრიტნი სპირსმა კი ბოლო ექვსი წლის მანძილზე პირველი სიმღერა Hold Me Closer გამოუშვა ელტონ ჯონთან ერთად. სიმღერამ ბილბორდის ტოპ ასეულში მეექვსე ადგილი დაიკავა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მართალია, ცოცხალ მუსიკოსებზე ფილმების გადაღება ჰოლივუდისთვის უცხო ხილი არ არის, თუნდაც გავიხსენოთ, 2019 წელს გადაღებული ფილმი Rockectman, რომელიც იმავე ელტონ ჯონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გვიჩვენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრიტნის მაინც არ სურს, რომ მასზე ფილმი გადაიღონ.
თუ მომღერლის ცხოვრებაზე ავტობიოგრაფიულ ფილმს მაინც შექმნიან და მილი პროექტში ჩართვაზე დათანხმდება, ეს დიდი ალბათობით ბრიტნის მხარდაჭერის გარეშე მოხდება.