უცხოურენოვანი სახელების გადმოქართულებას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებით ხოლმე, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ლეგენდარულ ადელს მთელი ეს ხანი თურმე არასწორად მოვიხსენიებდით?!
ინგლისელმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ გულშემატკივრებთან კითხვა-პასუხის ფორმატში შეხვედრა გამართა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც შეკითხვა სიმღერების წერის პროცესზე დაუსვა, მისი სახელი ზედმიწევნით სწორად წარმოთქვა.
და როგორ წარმოითქმის თურმე მომღერლის სახელი?
ადეილი.
შეიძლება, ეს ყველაფერი სულაც ბრიტანული აქცენტის ბრალია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მუსიკოსი თავის სახელს ყოველთვის ასე ამბობდა.
რაც შეეხება ფანებთან შეხვედრას, ღონისძიება მომღერლის სიმღერაზე I Drink Wine გადაღებული ვიდეოკლიპის პრემიერას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია ადე(ი)ლის მეოთხე სტუდიურ ალბომში, 30, შემავალი ერთ-ერთი სიმღერაა. ალბომი კი 6-წლიანი მოლოდინის შემდეგ შარშან გამოვიდა.
სხვათა შორის, მომღერალმა ცოტა ხნის წინ ისიც გაგვიმხილა, რომ ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობის ხარისხის მიღება სურს. ეს კი გასაკვირი სულაც არაა, თუ გავიხსენებთ, როგორ ატირდა იგი შარშან, როცა თავის კონცერტზე ინგლისურის მასწავლებელს შეხვდა.